გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: შეხვედრამ ცხადად აჩვენა, რომ გერმანული მოდელი არ არის შესაბამისი კონსტიტუციასთან

30-11-2019

„შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ ე.წ „გერმანული მოდელი“ არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და იმ ფორმით და იმ ინიციატივით, როგორც ეს ჰქონდა წარმოდგენილი ოპოზიციას, შეუძლებელია მისი განხორციელება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც იმსჯელეს და გამოჩნდა, რომ თავად ოპოზიცია არ არის შეთანხმებული ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნულ ფორმატში წამოიჭრა.

„შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში კიდევ შედგეს ასეთი პოლიტიკური კონსულტაციები. ჩვენ, როგორც დღეს, ასევე მომავალშიც, მზად ვართ პოლიტიკური კონსულტაციების გასაგრძელებლად“ ,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ შეხვედრის მიზანი, საერთაშორისო საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების თანდასწრებით, იმის არგუმენტირებული ჩვენება იყო, რომ გერმანული მოდელი საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის სურვილი იყო, რომ პროპორციული არჩევნების თარიღი 2024 წლიდან 2020 წელზე შეცვლილიყო, თუმცა, მისივე თქმით, საბოლოოდ, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო.

„ჩვენც გულდაწყვეტილები ვართ, რომ ეს გადასვლა ვერ მოხდა, თუმცა, ყველამ უნდა მიიღოს, რომ ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება. უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა. თარიღის შეცვლის გადაწყვეტილებაზე საკმარისი ხმები რომ ვერ მოგროვდა, ეს არ არის პოლიტიკური პროცესის შეწყვეტა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ასრულებს დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ რასაც ვგეგმავთ არის, რომ მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, მას აუცილებლად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩავატარებთ და გარკვეული პასუხისმგებლობა 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა აიღონ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა, მომდევნო კონსულტაციებზე ვითარების საკანონმდებლო დონეზე გაუმჯობესების სხვა შესაძლებლობები განიხილონ.

„თუ რა გაუმჯობესების შესაძლებლობაა უკვე საკანონმდებლო დონეზე, იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ გერმანული მოდელი არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან - ამაზე მომდევნო კონსულტაციებში, შესაძლოა, კიდევ დავხარჯოთ დრო. დღესაც გამოვთქვით მზადყოფნა პოლიტიკური კონსულტაციებისთვის. თავიდანვე, რამდენჯერმე მოვუწოდეთ ოპოზიციას, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დავუბრუნდეთ პოლიტიკურ განხილვებს და დისკუსიებს. ამისთვის მზად ვიქნებით მომავალშიც“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, შეხვედრაზე დამსწრეთა კუთხით, დაცული იყო ბალანსი, ხოლო რაც შეეხება აქტივისტებს, მან განმარტა, რომ ეს არის ფორმატი, სადაც მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იღებენ მონაწილეობას. ჟურნალისტებთან საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქციებითა და პროტესტით კონკრეტული პოლიტიკური შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

„პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკურ ფორმატებში და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ მომდევნო პოლიტიკური კონსულტაციებისთვის, სადაც უკვე ალბათ სხვა საკითხებს განვიხილავთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930