4-03-2018
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 18 აგვისტოს სოფელ იყალთოს განაშენიანების გეგმა დაამტკიცა, სადაც აღნიშნულია, რომ მეტროსადგურების შესასვლელთან 5-მეტრიან რადიუსში არ დაიშვება ჯიხურებისა და დროებითი ნაგებობების განთავსება.
დადგენილება №24 თელავის თემის საკრებულომ 2017 წლის 18 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელსაც 32 წევრიდან 20 ესწრებოდა. სხდომის ვიდეოჩანაწერი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული.
დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან, - 2017 წლის 24 აგვისტოდან შევიდა ძალაში, რის შემდეგაც მასში რაიმე ცვლილება აღარ მომხდარა.
ამავე დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთების განაშენიანებასთან დაკავშირებით განსაზღვრული ზოგიერთი რეგულაცია არ ვრცელდება აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საჰაერო-საბაგირო ნაგებობებზე, ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე.
ამგვარი ჩანაწერების ნორმატიულ აქტში ასახვა, სავარაუდოდ, განპირობებულია ქალაქ თბილისის განაშენიანების გეგმის მექანიკური კოპირებით, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.