13-12-2019
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ხმათა თითქმის 100%-ის დათვლის შედეგად ირკვევა, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის პარტიას ხმა ამომრჩეველთა 44%-მა, ლეიბორისტებს დაახლოებით 32%-მა, ლიბერალ-დემოკრატებს კი 11,5%-მა მისცა. აქტივობამ 67% შეადგინა.
შესაბამისად, კონსერვატორები 650-ადგილიან პარლამენტში სულ მცირე 363 მანდატს (2017 წლის არჩევნებთან შედარებით თითქმის 50-ით მეტს) მიიღებენ. ლეიბორისტებს პარლამენტში 203 დეპუტატი (40-ით ნაკლები), ლიბერალ-დემოკრატებს კი 11 დეპუტატი (1-ით ნაკლები) ეყოლებათ. წინა მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით, კონსერვატორებს მტკიცე უმრავლესობა ექნებათ.
ლეიბორისტებმა 1935 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს. მათ არ დაუჭირეს მხარი იმ ჩრდილოეთ რეგიონებშიც კი, სადაც ტრადიციულად ლეიბორისტები იმარჯვებდნენ. ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერის ერთადერთი ცენტრი ლონდონი და მისი მიმდებარე ტერიტორიები აღმოჩნდა. პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ შედეგების შესწავლის შემდეგ თანამდებობას დატოვებს.
ახლა აღარავის ეპარება ეჭვი, რომ Brexit-ი 2020 წლის 1 თებერვალს ან მანამდე შედგება. ამ დღეს იწურება მორიგი ვადა, რომლითაც ევროკავშირმა დიდი ბრიტანეთის გასვლა გადადო. Brexit-ის განსახორციელებლად დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონის მიერ მიღწეული შეთანხმება უნდა დაამტკიცოს. თუმცა ევროკავშირის შემადგენლობიდან ფორმალური გასვლა თავიდან თითქმის არაფერს შეცვლის, გარდა ორი რამისა: ამ საკითხზე მეორე რეფერენდუმი აღარ ჩატარდება, ბრიტანეთის მთავრობა კი Brexit-ის მოთხოვნას უკან ვეღარ გაიწვევს. თუ 1 თებერვლამდე პარლამენტი ჯონსონის მიერ მიღწეული შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, შესაძლოა „ხისტი Brexit-ი“ განხორციელდეს, თუმცა 2020 წლის 30 ივნისამდე ბორის ჯონსონმა, შესაძლოა, პროცესის ერთი ან ან ორი წლით გადავადება მოითხოვოს, მიუხედავად მისი საჯარო განცხადებების იმის შესახებ, რომ 1 თებერვალს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში აღარ იქნება.