13-12-2019
საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.
სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად, ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაკავებული არიან: 1972 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1974 წელს დაბადებული ს.გ. და 1997 წელს დაბადებული თ.ბ., ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კი - 1980 წელს დაბადებული დ.მ. და 1972 წელს დაბადებული მ.მ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ყალბი საბუთების შეძენა-შენახვა-დამზადება და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დუბლინიდან ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად აგზავნიდნენ ამანათებს (პირადობის დამადასტურებელ ყალბ საბუთებს), რომლებსაც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ირლანდიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაადგილების მიზნით იყენებდა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენის, ასევე, მათი კავშირების დადგენის და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ირლანდიისა და ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელლდა ხანგრძლივი, კოორდინირებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის ზაფხულში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის სამეფოში დაკავებულ იქნა საქართველოს არაერთი მოქალაქე, რომლებიც ირლანდიაში გადასვლას გაყალბებული საბუთებით ცდილობდნენ. გამოძიების ფარგლებში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერების იდენტიფიცირება, გამოვლინდნენ ლიეტუვასა და სლოვაკეთში მოქმედი გაყალბებული დოკუმენტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეები.
2018-19 წლის განმავლობაში ესპანეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი ყალბი დოკუმენტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეების მიმართ უკვე განხორციელდა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პროცედურები.
სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქის მიმართ გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსისი შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება აქტიურად ახორციელებს ეფექტიან ღონისძიებებს, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბელგიელ, ფრანგ, უკრაინელ, ესპანელ, ირლანდიელ, იტალიელ და ჩეხ კოლეგებთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, 12 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 124 მოქალაქე, მათ შორის 3 ე.წ. „კანონიერი ქურდი“.