5-03-2018
ქართველმა ხალხმა თავისი „მეხუთე კოლონის“ გულახდილი განცხადება გაიგონა: თბილისში გამოქვეყნდა საზოგადო მოღვაწეების - რეჟისორების, პოეტების და მეცნიერთა ღია წერილი, რომელშიც ისინი საქართველოს პროდასავლურ კურსს საეჭვოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, პროდასავლურმა პოლიტიკამ „გაართულა საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან, ქვეყანა ტერიტორიულ დანაკარგებამდე და მოსახლეობის შემცირებამდე მიიყვანა“. ღია წერილს, რომელიც მიმართულია დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, ხელს აწერენ თეატრალური რეჟისორი რობერტ სტურუა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, „ლიტერატურული გაზეთის“ მთავარი რედაქტორი თამაზ წივწივაძე, მსახიობი გოგი ქავთარაძე და სხვები.
წერილში აღნიშნულია, რომ „საქართველო ყოველთვის იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთგული, რასაც ვერ ვიტყვით ნატოს დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს. დასავლეთის საექსპერტო წრეები გვთავაზობენ, რომ შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე განხორციელდეს, რომ წესდების მე-5 მუხლი („კოლექტიური უსაფრთხოება“) აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე არ გავრცელდეს, რაც მიუღებელია. ნატო საქართველოს არც 2008 წელს დახმარებია და არც მომავალში არ დაეხმარება“, - ნათქვამია წერილში.
უფრო ადრე, საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ქართულ პოლიტიკურ ელიტას მიმართა, რომ მათ ნათლად გამოეცხადებინათ პროდასავლური კურსისადმი თავიანთი ერთგულება. სხვათა შორის, ზემოთ აღნიშნული წერილი ადასტურებს, რომ საქართველოში დასავლეთთან დამოკიდებულების საკითხში მართლაც არაა ერთსულოვნება. ხელისუფლება რომ მართლაც გულწრფელად ისწრაფვოდეს დასავლეთთან ინტეგრირებისაკენ, განა აშშ-ის დიპლომატი ამ განცხადებას გააკეთებდა? აშკარად არა. უბრალოდ, იან კელი, ისევე როგორც სხვები, ხედავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც ყოფილი რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, უფრო მეტად შეყოვნების პოლიტიკას ატარებს - მაინცდამაინც ხელს არ უშლის დასავლეთის აქტიურობას საქართველოში, მაგრამ ცდილობს, რომ ზედმეტად არ გააღიზიანოს მტერი და ოკუპანტი რუსეთი. საეჭვოა, რომ ასეთი პოლიტიკა კრემლსა და საქართველოს ჩრდილოვან მმართველს შორის ფარული გარიგების შედეგი არ არის. საერთოდ, მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება, რომ წერილის ავტორების პოზიცია საკმაოდ გასაკვირია იმ ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლის მიწები უკვე მეოთხედი საუკუნეა იმ მეზობელს აქვს ოკუპირებული, რომელთან ურთიერთობისაკენაც ისწრაფვის, ნატოს ნაცვლად. გარდა ამისა, როგორც ერთ-ერეთი ქართველი პოლიტოლოგი თენგიზ აბლოთია აღნიშნავს თავის ფეისბუქ-ჩანაწერში, რუსეთთან ურთიერთობის პოზიტივი მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ქართულ პროდუქციას ბაზარი გაეხსნა, თუმცა როგორც გაიხსნა, ისევე შეიძლება დაიხუროს. მისი აზრით, ყველაზე უფრო ცუდი ისაა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინია, კრემლის განრისხებაზე რომ არაფერი ვთქვათ. „ქართული ოცნება“ საკუთარი ნებით მოექცა ხაფანგში რუსული ბაზრის სახით და ახლა მშობელ დედასაც კი გაყიდის, ოღონდ ეს ბაზარი არ დაკარგოს“.
ნიშანდობლივია, რომ ქართველ ინტელიგენტთა ღია წერილი გამოქვეყნდა იმ არასასიამოვნო ფონზე, რომელიც ამას წინათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის დაღუპვითაა გამოწვეული.
პოლიტოლოგი ამ კოლიზიიდან გამოსასვლელ გზას მხოლოდ ხელისუფლების გადამწყვეტ მოქმედებაში ხედავს: ქვეყანა პრორუსული ელემენტებისაგან უნდა გაიწმინდოს, უნდა დაიხუროს პრორუსული გამოცემები, უნდა აიკრძალოს პრორუსული პარტიები, ციხეში უნდა ჩაისვას ის ადამიანები, რომლებიც რუსეთს აგრესორად არ აღიარებენ, შესაბამისი სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობა გატარდეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რათა ქართველმა სამღვდელოებამ საკუთარ სამშობლოზე იზრუნოს და არა ერთმორწმუნე მტერთან ურთიერთობაზე. „ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის საქმიანობა შევზღუდოთ, მაგრამ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რუსული აგენტურის მოქმედება აღვკვეთოთ. უარი უნდა ვთქვათ რუსულ ბაზარზე და ამისათვის ახლავე უნდა მოვემზადოთ“.
გარდა მისა, თენგიზ აბლოთიას აზრით, უნდა შეწყდეს ის ქველმოქმედება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზთა და ოსთა მიმართ ახორციელებს, უფასო სამედიცინო მომსახურების სახით. ასევე უნდა შეწყდეს დამამცირებელი და უაზრო მოლაპარაკებები... თუმცა იგი იქვე შენიშნავს: „აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამას არ გააკეთებს და საერთოდ, როგორ შეიძლება ელოდო სახელმწიფოებრივი აზროვნების გამოვლინებას იმ ადამიანებისაგან, რომლებიც დღემდე საჯაროდ აცხადებენ, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო?“.
p.s. მასალა იბეჭდება მცირე შემოკლებით