გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სიცოცხლისთვის საშიში ტკბილეული დახლებზე

5-03-2018

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია ე.წ. შოკოლადის კრემის მომზადების პროცესი. ირკვევა, რომ ამ მეთოდოლოგიით დამზადებულ კრემს ხშირად იყენებენ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პროდუქტი საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი ქართულ დახლებზეც. მაგალითად, რუსული წარმოების რამდენიმე სახეობის ვაფლი ქართულ მარკეტებში თავისუფლად იყიდება და ის მომხმარებლებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ალბათ, ბევრმა არ იცის აღნიშნულ პროდუქტში შემავალი მავნე ნივთიერებების შესახებ. ნიმუშის სახით ლაბორატორიაში წარვადგინეთ ვაფლი „яшкино“-ს ორი სახეობა. სანამ კვლევის შედეგებს გაგაცნობთ, მანამდე ორიოდე სიტყვით მოგიყვებით, რას წარმოადგენს ტრანსცხიმები და რამდენად საზიანოა ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის.


ტრანსცხიმებით გაჯერებული პროდუქტის მიღება ბევრი დაავადების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს. ტრანსცხიმები ამცირებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ზრდის დიაბეტის, უნაყოფობის, დეპრესიების, ალცჰეიმერისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. სიტუაცია მძიმდება იმით, რომ ვინაიდან ეს მოლეკულები არაბუნებრივი წარმოშობისაა, ორგანიზმს არ გააჩნია მათი ძირითადი ნაწილის გამოვლენის, დაშლის ან ორგანიზმიდან გამოდევნის უნარი.


ტრანსცხიმები აქვეითებს ე.წ. „კარგი ქოლესტერინის“ წარმოქმნას ორგანიზმში და ზრდის ე.წ. „ცუდი ქოლესტერინის“ რაოდენობას, რისი შედეგიცაა ათეროსკლეროზი და გულის კორონარული უკმარისობა. შეფასებულია, რომ საკვებში ტრანსცხიმების შემცველობის 2%-ით მატება თითქმის ორჯერ ზრდის კორონარული უკმარისობის რისკს ადამიანებში.


ჯერ კიდევ 2004 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა ყველა ქვეყანას, ადამიანთა პოპულაციის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ხმარებიდან ამოიღონ ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტები. რიგ ქვეყნებში (მაგალითად, დანია) ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობა სრულიად აიკრძალა, სხვებში შეიზღუდა (მაგალითად, არგენტინასა და ბრაზილიაში დაშვებულია 2%-იანი შემცველობა პროდუქტში) ან დაწესდა ეტიკეტზე მითითების ვალდებულება (აშშ).


ლაბორატორიიდან მიღებული კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ჩვენს მიერ გამოსაკვლევად წარდგენილი ორი სახეობის ვაფლიდან ორივეში ტრანსცხიმების ოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება დადგენილ ნორმას. კერძოდ, ორივე ნიმუშში ტრანსცხიმების მაჩვენებელი შეადგენს 5,31+0,15=5,46. ანუ კვლევით დადგინდა, რომ ვაფლი, რომელსაც საქართველოში საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, სხვადასხვა მძიმე დაავადების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს, რამეთუ ხელოვნური ტრანსცხიმების შემცველობა დასაშვებ 2 პროცენტს დაახლოებით 3-ჯერ აჭარბებს.



სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ ტკბილეულისა თუ სხვა სახის პროდუქციის შეძენის დროს ყურადღება გამოიჩინონ და დაინტერესდნენ კონკრეტულ პროდუქტებში მავნე ნივთიერებების არსებობით.


„საშიშროებას წარმოადგენს ხელოვნური გზით მიღებული ტრანსცხიმები, რომლებიც წარმოიქმნება უჯერი ცხიმების გადამუშავებით ნაჯერ ცხიმებად. ეს არის პროცესი, როდესაც ხდება ქიმიური ფორმულის შეცვლა და წყალბადის ზეჟანგის მოლეკულის დამატება. ამ დროს თხევადი მასა გარდაიქმნება მყარ ცხიმად... ეს ტრანსცხიმები ძალიან უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა დაავადების დროს. საუბარია არამხოლოდ ქრონიკულ დაავადებებზე, რომლებიც იწვევს სიკვდილიანობას, არამედ არის კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ტრანსცხიმები საგრძნობლად ზრდის მკერდის კიბოს, პროსტატას. ამასთანავე, დეპრესიას, დიაბეტს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ტრანსცხიმების მინიმალურ დონეზე გამოყენება, ან სახელმწიფოებრივ დონეზე მისი აკრძალვა, ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს პროფესორი, ნუტრიცოლოგ-ენდოკრინოლოგი რუსუდან კვანჭახიძე.

digest

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930