შეხვედრის თემა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე იყო, რომელმაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიმართ კრიტიკული პოსტი დაწერა.
ოპოზიცია ითხოვს, რომ ერეკლე კუხიანიძემ დეპუტატის მანდატი დატოვოს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს.
რაც შეეხება უმრავლესობის სხდომის გამართვის თარიღს, საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრმა არ დაასახელეს.
„ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას. პასუხს ვაგებთ იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც მივიღებთ. ახლა კი, ხელების ბრაგუნი და პასუხის მოთხოვნა არ გვინდა“,- მიმართა გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დღეს საკრებულოში სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. საკრებულოში მისულები იყვნენ ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ აღნიშნულს აპროტესტებს ოპოზიცია.