19-12-2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნინო ცაციაშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ცაციაშვილმა 15 წლის მოზარდის საქმის შესახებ უწყებაში რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოხდა იმ ინფორმაციის გაჟღერება, რაც ცნობილი იყო იმ ეტაპზე.
"პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ის კითხვა, რომელიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის, ყველას ამომწურავი პასუხი გაეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ.
რაც შეეხება, ჩემს განცხადებას და ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას, ჩვენი მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერება მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რაც მაშინ გვქონდა და არა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე. რაც შემდგომში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ იქნა მოძიებული კონკრეტული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად .
ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც შემდგომში გამოძიების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა. იქიდან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გავრცელება, ამასთან რაიმე მტკიცებით ფორმატში, რაიმე სახის განცხადება ლოგიკურია მას შემდეგ იქნება რეალურად გაჟღერებული, როცა სახელმწიფო ინსპექტორი სრულად გასცემს ყველა კითხვას პასუხს, რაც იყო საზოგადოებაში.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბრიფინგის გამართვისას, ძალიან ნათლად და მკვეთრად განვაცხადეთ, რომ მზაობა სამინისტროს ჰქონდა აბსოლუტურად ღია. ჩვენ მოთხოვნილი მასალა, მათ შორის ჩანაწერები, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოგვმართა ინსპექტორმა, დაუყოვნებლივ გადავუგზავნეთ და თანამშრომლობისთვის ახლაც მზად ვართ და რეალურად, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არის ჩვენი უმთავრესი მიზანი. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ინტერპრეტირება არასწორი არ მოხდეს საზოგადოებაში და რაიმე მტკიცებით ფორმაში იმ საკითხების გაჟღერება, რაც რეალურად ბრიფინგში არ ყოფილა. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ მხრიდან ბრიფინგის გამართვისას მოხდა იმ ინფორმაციის გაჟღერება, რაც იმ ეტაპზე გვქონდა, თუმცა დღევანდელი რეალობა, რომ შეცვლილია, ეს არის ძალიან ობიექტური მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, სხვა სურათის გამოკვეთა და ხვალ და ზეგ შეიძლება კიდევ დამატებითი გარემოებები გამოიკვეთოს," - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.