23-12-2017
აზერბაიჯანული გამოცემა «Новое время», სომხეთისთვის რუსეთის მიმართულებით ალტერნატიული სახმელეთო გზის შესაძლო ამოქმედების საკითხს ეხმაურება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
სომხეთს იმედი აქვს, რომ რუსეთისაკენ ალტერნატიული სახმელეთო გზა მალე გაიხსნება. თეორიულად ამ მიმართულებით ორი მარშრუტი არსებობს: რკინიგზა აფხაზეთის გავლით და ტრანსკავკასიური გზატკეცილი „სამხრეთ ოსეთის“ გავლით (როკის გვირაბით).
საქართველოს პრემიერის განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერევანი თავისი ოცნების განხორციელებასთან ახლოა: „სომხეთის ტვირთები, ფორს-მაჟორულ სიტუაციებში, შეიძლება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებით გადაიზიდოსო“, ბრძანა გიორგი კვირიკაშვილმა.
სხვათა შორის, ამ საკითხის აქტუალიზება დროდადრო წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა. სომხები არ ისვენებდნენ და აფხაზეთის რკინიგზის ამუშავებას ბაქო-თბილისი-ყარსის ალტერნატივადაც კი მიიჩნევდნენ, მაგრამ აზერბაიჯანმა და საქართველომ მტკიცე პოზიცია დაიკავეს. სომხეთს 2012 წლიდან თავისი მცდელობები მაინც არ შეუწყვეტია. თუ რატომ არ ხსნის საქართველო აფხაზეთის რკინიგზას, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს: თბილისს მის აღსადგენად ფინანსები არ აქვს, შესაძლოა რკინიგზით სამხედრო ტვირთები გადაიზიდოს და ა.შ.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ზოგჯერ საქართველოს ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც აზერბაიჯანთან მოკავშირეობის პრინციპს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ამას წინათ თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანი, რომელიც არ ერიდებოდა აზერბაიჯანის კრიტიკას, ათასნაირი ეპითეტებით გვამკობდა, ჩვენს მოკავშირე ქართველებს კი მისი შეჩერება არც უცდიათ. უფრო მეტიც - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხებს ყოველგვარი დახმარება აღუთქვა ყველა საკითხის გადაჭრაში.
საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანელი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი თბილისის ბოლო ნაბიჯებს ასეთ კომენტარს უკეთებს: „სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არიან ისეთი ჩინოვნიკები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაუარესებით. თუ საქართველო ზემო ლარსის ალტერნატიულ გზებს გახსნის, რა თქმა უნდა, ეს იქნება ბაქოს წინააღმდეგ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯი“.
როგორც ცნობილია, 22 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო. შეხვედრის დროს აზერბაიჯანის ლიდერმა ქართველ მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, მამუკა ბახტაძემ კმაყოფილებით აღნიშნა თავისი მონაწილეობა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაში, სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზების“ გენერალურ დირექტორად ყოფნისას. მხარეებმა მოლაპარაკების დროს, ალბათ, აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნის საკითხზეც ისაუბრეს.