23-12-2019
„კვლევა განხორციელდა კონკრეტული მიმართულებით. აინტერესებდათ ის „ტროლების“ ჯგუფი თუ ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა შეიძლება ხელს უწყობდეს სახელმწიფოს ინტერესების გატარებას. თუმცა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს რეგისტრირებული მილიონ შვიდასი ათასი მომხრე, რომელთა რიცხვში ძალიან ბევრი განაწყენებული ადამიანია, მათ შორის ბიზნესმენიც და ასეთი ადამიანები თუ რაიმეს აორგანიზებენ და მაღალი ხარისხით შეტევებს ახორციელებენ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართულებით, სახელმწიფო ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. იმის თქმა, რომ თუ ვინმე ოპოზიციას აკრიტიკებს, ეს აუცილებლად ხელისუფლებიდან უნდა მოდიოდეს, არასწორი ნათქვამია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ.
მისივე თქმით, „ფეიკ ნიუსები“ და „ ბოტები“ წარმოადგენს პრობლემას არა მარტო ჩვენს ქვეყნაში, არამედ ყველგან და ამაზე აუცილებელია რეაგირება და მუშაობა, რათა მაქსიმალურად იყოს ეს აღკვეთილი.
„2017 წლის დასაწყისში მიწვეულები ვიყავით, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენელები ფეისბუქის ერთ-ერთ ოფისში, სადაც განსაკუთრებით ხაზი გავუსვით ზუსტად, ამ პრობლემას. ჩვენ მოვუწოდეთ აქტიურობისკენ, რომ როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში - კოსოვოში, უკრაინაში, სერბეთში და მონტენეგროში, რომ მსგავსი „ფეიკ ნიუსის“ გამავრცელებელი და აგრესიის მატარებელი სხვადასხვა „პროფაილებთან“ დაკავშირებით, რომლებიც არ წარმოადგენენ რეალურად რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, ყოფილიყო შესაბამისი ღონისძიებება ჩატარებული და განსაკუთრებული ყურადღება ყოფილიყო გამახვილებული“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ ბოლომდე, რაც მის ძალისხმევაში შედის, იქნება ეს ფეისბუქთან თუ სხვასთან თანამშრომლობა, გამოიძიოს ეს საქმე.
„ვთვლით, რომ აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგა, რა ფორმით იქნება და როგორ, ამაზე მსჯელობა იქნება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასევე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის მანქანა, რომელიც ზოგადად მოქმედებს „ფეიკ ნიუსის“ გავრცელებაში, როგორმე უნდა ამოიქოლოს. და კიდევ ერთი, ეს არ ხდება მხოლოდ პროსამთავრობო მიმართულებით. ძალიან კარგად ვიცით, როგორი მანქანა მუშაობს ანტისამთავრობო და ანტი „ქართული ოცნების“ მიმართულებითაც. დარწმუნებულ ვარ, სხვა მიმართულებითაც რომ იქნას კვლევა ჩატარებული, იგივე შედეგი დადგება“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.