გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით

8-01-2020

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი ქართველოლოგიის სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მეცნიერების განვითარების კუთხით. თუ რა სიახლე დაინერგა და რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელთა 2019 წელს ამის შესახებ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე გვესაუბრება.

-ბატონო ზაზა, რომ შევაჯამოთ 2019 წელი, რომელ განხორციელებულ პროექტებს გამოარჩევდით?

-მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ გაიმართა 2 საერთაშორისო კონფერენცია. ერთი, რომელიც მეორედ ჩატარდა ამ ბოლო წლებში – „საქართველო-ბიზანტია-ქრისტიანული აღმოსავლეთი“, რომელშიც 15 ქვეყნის 18 უცხოელი მეცნიერი მონაწილეობდა. ასევე მაქს პლანკის ინსტიტუტთან ერთად გაიმართა საერთაშორისო სემინარი, რომელშიც მონაწილეობდა 11 უცხოელი მეცნიერი. ეს არის ორი კონფერენცია, რომელიც მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. გარდა ამისა გაიმართა კიდევ ერთი ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ბატონ მიშა ქავთარიას ხსოვნას. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის თუ სამეცნიერო დაწესებულების მეცნიერები, მათ შორის, ცხადია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები. პლუს ამას გაიმართა საზაფხულო სკოლა და კონფერენცია, რომელშიც ასევე 8 უცხოელი მონაწილე იყო. (საზაფხულო სკოლას თან მოჰყვა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ხელნაწერებს და ქართველოლოგიას ეხებოდა). საზაფხულო სკოლის პროექტი კიდევ განხორციელდება და უკვე გამარჯვებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის გრანტის ფარგლებში. 2020 წელსვე, გაზაფხულზე გაიმართება კიდევ ერთი საზაფხულო სკოლა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს მიეძღვნება კერძოდ კი აფხაზეთს და მის ისტორიას.

წელს, როგორც ჩვენი მეცნიერების ასევე ჰუმანიტარული პროფილის სხვა ინსტიტუტების თანამშრომლების 12 წიგნი გამოვეცით. 3 წიგნის გამოცემა მოგვიხდა ახლიდან, რადგან დიდი იყო მკითხველთა ინტერესი და მათი ტირაჟი სამწუხაროდ ამოიწურა, შესაბამისად, ჩვენ შევძელით ამ წიგნების გამოცემა. ეს რაც შეეხება სამეცნიერო მუშაობას.

გარდა ამისა, ალბათ მნიშვნელოვანია ის, რომ გაიმართა ჩვენი ცენტრის დაახლოებით 26 აქტივობა, მე ვგულისხმობ გამოფენას, რომელსაც თან ახლავს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. 26 ღონისძიება ეს არც თუ ისე ცოტაა ცენტრისთვის ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

რესტავრაციისა და კონსერვაციის განყოფილებამ ჩაატარა 7 გასვლითი ღონისძიება სხვადასხვა რაიონში. უკვე 3 წელიწადია მოქმედებს პროექტი „წიგნის მოვლის კულტურა“ და ამ პროექტით ვიყავით საქართველოს სხვადასხვა რაიონში. კიდევ ერთი, რაშიც მივიღეთ მონაწილეობა, როგორც თანამონაწილე ორგანიზაციამ, ეს არის გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. პლუს, მივიღეთ მონაწილეობა ყოველწლიურ ძალიან ცნობილ ფესტივალში „აღდგომიდან ამაღლებამდე“. აქაც ჩვენი ცენტრი გამოჩნდა, როგორც მუსიკალური სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისათვის მნიშვნელოვანი ადგილი, აქ დაცული მუსიკალური ხელნაწერების თვალსაზრისით.

-რაც შეეხება სამომავლო გეგმებს?


-რაც შეეხება მომავალ გეგმებს, 2020 წელს არის ერეკლე მეორის დაბადების 300 წლისთავი, აგრეთვე ანტონ პირველი კათოლიკოსის დაბადების 300 წლისთავი და ამაშიც ჩვენ ფართოდ მივიღებთ მონაწილეობას. პრაქტიკულად ჩვენი ცენტრი წამყვან როლს შეასრულებს, რადგან ძირითადი ხელნაწერები ერეკლე მეორესთან დაკავშირებით ინახება ჩვენს ცენტრში. მომავალ წელს 160 წლისთავია იაკობ გოგებაშვილის და აკაკი წერეთლის და თავისთავად ცხადია ჩვენი საგამოფენო და საგანმანათლებლო განყოფილება ამასაც მიუძღვნის თემატურ გამოფენებს და საგანმანათლებლო პროგრამას. გარდა ამისა, დღეს გავიარეთ დეტალები და დამტკიცებული გეგმის მიხედვით ჩვენ გამოვცემთ რამდენიმე ალბომს, მათ შორის ერთ ალბომს უორდროპებზე - „უორდროპები და საქართველო“. ხოლო მეორე ალბომს ერეკლე მეორეზე, კერძოდ, იმ საბუთების ალბომს რომელიც ინახება ჩვენთან და უშუალოდ ერეკლეს ხელიდან არის გამოსული.

ასევე, აღსანიშნავია, რომ რუსთაველის ფონდი ჩვენთვის შეისყიდის გაციფრების უახლეს ტექნიკას, რაც მოგვცემს საშუალებას შევქმნათ ერთიანი ბაზა უკვე გაციფრებული ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტებისა. ეს იქნება მართლაც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი და რაც მთავარია ეს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ქართველ მეცნიერებს მუშაობას, ხოლო უცხოელ მეცნიერებს შეეძლებათ დისტანციურად იმუშაონ და იკვლიონ ქართული ხელნაწერები. ეს არის რუსთაველის ფონდის კეთილი ნების გამოხატვა ჩვენს მიმართ და ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ამისთვის.

ამასთან, ჩვენი ცენტრის ბიბლიოთეკის ისტორიაში პირველად დაიწყო მთელი არსებული საბიბლიოთეკო ფონდის ელექტრონული კატალოგის შექმნა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს უკვე რაიონებში, პატარა ბიბლიოთეკებშიც კი არის ელექტრონული ბიბლიოთეკები, ჩვენ ამას რატომღაც ძალიან დიდი ხანი არ ვაქცევდით ყურადღებას და ახლა მე ვიმედოვნებ, რომ 2020 წელს მთლიანად მოხდება ელექტრონული კატალოგის შექმნა.

-როგორ გავუმარტივებთ ელ.ბიბლიოთეკით ჩვენს მეცნიერებს მუშაობას, რა პლუსები აქვს?

-საძიებო სისტემა იქნება სრულიად ახალი, ამ საძიებო სისტემაში შესვლა, წინასწარ წიგნის შეკვეთა ყოველგვარი აქ მოსვლის გარეშე, გაადვილებს მუშაობას. გარდა ამისა, ყველას ექნება საშუალება, რომ ნახოს თუ რა წიგნებია ჩვენთან. სხვათაშორის ჩვენთან არის ისეთი წიგნები, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკაშიც კი არ არის და თითო ეგზემპლარია საქართველოში.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე შენაძენი ჩვენი ცენტრისა. მოგეხსენებათ, ჩვენ გარდა უძველესი ხელნაწერი ფონდებისა გვაქვს მზარდი ფონდი, რომელიც თანდათან ივსება ახალი განსაკუთრებული წიგნებითა და პირადი არქივებით. წელს ჩვენ მივიღეთ ქალბატონი თამილა მგალობლიშვილის ოჯახის მიერ გადმოცემული 800 წიგნი, აქედან 90% არის უცხოენოვანი და ცხადია ეხება საქართველოს, მახლობელ აღმოსავლეთს, ქართულ ხელნაწერებს, ქართულ ხელნაწერებზე მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე უცხოელი მეცნიერების ნაშრომებს. ეს არის აგრეთვე, აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის უზარმაზარი უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც არა მარტო მისი, არამედ ბატონ ლევან მუსხელიშვილის, მისი მამის ბიბლიოთეკაა, სადაც არის უნიკალური წიგნები, წიგნები რომლებიც ბატონ ლევანს აჩუქეს კორნელი კეკელიძემ, ივანე ჯავახიშვილმა, შალვა ნუცუბიძემ და სხვა დიდმა მეცნიერებმა. ამ უზარმაზარი ბიბლიოთეკის, ჯერჯერობით 1500 წიგნი გადმოგვეცა და ველოდებით კიდევ ამდენივე წიგნს. ეს მართლაც დიდი შენაძენია ჩვენთვის. გარდა ამისა რამდენიმე ისტორიული დოკუმენტი და ხელნაწერი მივიღეთ, მათ შორის მოსე ჯანაშვილის დღიური, რომელიც აკადემიკოსმა ოთარ ჯაფარიძემ შემოგვწირა და ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილის, რუსუდან ნიკოლაძის დღიურიც მივიღეთ პროფ. ზაზა აბზიანიძისგან. შევიძინეთ, ასევე, რამდენიმე, ისტ. დოკუმენტი და ძველნაბეჭდი წიგნი.

გარდა ამისა, ძალიან ნაყოფიერი იყო წლევანდელი წელი უცხოეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. როგორც აღვნიშნე ჩავატარეთ რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია და ასევე გავაფორმეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი.

გავაფორმეთ მემორანდუმი მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან, ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტთან (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), ასევე გასულ წელს, ერმიტაჟს, პეტერბურგის აღმოსავლური ხელნაწერების ინსტიტუტს, პეტერბურგში არსებულ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას, ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტების და საარქივო მასალების კვლევასა და ერთობლივად გამოცემას, რესტავრაციის და კონსერვაციის სფეროში ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარებას, კონფერენციების და სემინარების ჩატარებას (ხაზი უნდა გაესვას, რომ რუსეთში დაცულია ყველაზე მეტი ქართული ხელნაწერი და ისტორიული დოკუმენტი, რომელთა დიდი ნაწილის რაობაც კი არ არის დადგენილი). ასევე, მემორანდუმი გაფორმდა პეტერბურგის სასულიერო აკადემიასთან, რომელშიც ინახება მიხეილ საბინინის ბიბლიოთეკა და ამ ფონდის დამუშავებაზე იქ მყოფი ქართველი სტუდენტები იმუშავებენ. ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა ინდოეთის ისტორიულ კვლევათა საბჭოს ხუთი კაცისგან შემდგარი დელეგაცია და დაისახა ინდოეთთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

გავაფორმეთ მემორანდუმი სომხეთის მესროპ მაშთოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტ „მატენადარანთან“. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი სპეციალისტებისათვის მატენადარანში არსებული ქართული ხელნაწერების შესწავლისა და კატალოგის მომზადების საკითხებზე ნებართვის მისაღებად მრავალი წელია მიმდინარეობდა მოლაპარაკება. წელს ასეთი შეთანხმება შედგა. ასევე სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიხსნა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული ხელნაწერების ასლების გამოფენა, რომელზეც წარვადგინეთ ჩვენი გამოცემებიც. შედგა ვიზიტი რუმინეთში, სადაც გამოვფინეთ ჩვენთან არსებული ძველნაბეჭდი წიგნები.

მემორანდუმი გავაფორმეთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ბერიტაშვილის ცენტრთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტექნიკური სამსახურების გამართული მუშაობის თვალსაზრისით.

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა.

გამოიცა რამდენიმე ახალი წიგნი სერიით „სამეცნიერო პოპულარული წიგნები“ და დაარსდა კიდევ ახალი სერია რომელსაც ვუწოდეთ „ბიბლიოგრაფიული იშვიათობა“ და პირველი რასაც ვაპირებთ, გამოვცეთ ილია აბულაძის რედაქციით გამოცემული ძველი ქართული ჰაგიოგრაფული ძეგლების I ტომი.

დავაწესეთ რუსუდან გვარამიას (ქრისტიანული არაბული ლიტერატურის აღიარებული მკვლევარი) სახელობის სემინარი. გარდა ამისა გვაქვს კიდევ რამდენიმე სამეცნიერო სემინარი. ეს სემინარები მნიშვნელოვანია იმით, რომ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ თავისი სამეცნიერო მიღწევები, გააცნონ ისინი საზოგადოებას და მოხდეს აზრთა ურთიერთგაზიარება, რაც აუციელებელია ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის.

აქვე აუცილებელია ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი აქტიურად მუშაობს და წლის განმავლობაში 50-ზე მეტ ღონისძიებას მაინც ატარებს, თუმცა ამ ეტაპისთვის გვაქვს რამდენიმე გადაუჭრელი პრობლემა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ცენტრის განვითარებას, წინსვლას და რაც მთავრია საფრთხე ექმნება ჩვენს საგანძურს, ცენტრში დაცულ უნიკალურ მასალას.

-კონკრეტულად რას გულისხმობთ?

-უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ცენტრის შენობის საკითხს. ჯერჯერობით ეს მთავარ პრობლემად რჩება და იმედი მაქვს, რომ პრობლემა 2020 წელს გადაწყდება. სამწუხაროდ, ვერა და ვერ დაიწყო ჩვენთან არსებული სივრცის რემონტი, რომელშიც ვაპირებთ მემორიალური მუზეუმების განთავსებას და სამწუხაროდ კატასტროფულ მდგომარეობაში რჩება ის მასალა, რომელიც მემორიალურ კაბინეტებში ინახება. ეს არის შალვა ამირანაშვილის, ელენე მეტრეველის, ნიკო ბერძენიშვილის, სიმონ ჩიქოვანის პირადი ნივთები და პირადი ბიბლიოთეკები. არც ცენტრისთვის ახალი შენობის გადმოცემის ან აშენების საკითხი გადაწყდა! განიხილებოდა ჩვენთვის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენციის ან ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის გადმოცემის საკითხი, მაგრამ, სამწუხაროდ ამ შენობებში საცავების გადატანა ყოვლად შეუძლებელია ტექნიკური პირობების გამო (ვერ ხერხდება კლიმატური კონტროლის სისტემის დამონტაჟება), და ამიტომ, იძულებული გავხდით უარი გვეთქვა ხელისუფლების ამ შემოთავაზებაზე.

საბოლოოდ მივედით დასკვნამდე, რომ უმჯობესი იქნება ცენტრისვე ტერიტორიაზე აშენდეს ახალი შენობა, სადაც განთავსდება საცავები, სამკითხველო დარბაზი, საგამოფენო და სამუზეუმო სივრცე, დიგიტალიზაციის და რესტავრაცია-კონსერვაციის განყოფილებები, ანუ პრაქტიკულად ყველაფერი რაც დაკავშირებულია ხელნაწერთან და მის დაცვასთან იქნება ერთ ცალკე კორპუსში, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკითხიც ჯერჯერობით ჰაერში ჰკიდია. ასევე, სამწუხაროდ არ არის გადაწყვეტილი და ვერც გადაწყდება ახალი შენობის აშენებამდე სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟება, რომელიც აუცილებელია ყველა და განსაკუთრებით ჩვენი პროფილის მქონე დაწესებულებაში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხები მოგვარდება და უნიკალურ ხელნაწერებს სათანადო პირობებს შევუქმნით.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ცენტრი როგორც ძველი ხელნაწერების და ისტორიული დოკუმენტების უმნიშვნელოვანესი საცავი, და, ასევე უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელსაც სამუზეუმო-საგანმანათლებლო ფუნქციაც აკისრია, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.


თიკო ლაცაბიძე


წყარო: newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930