14-01-2020
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს გურიიდან საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და ჩოხატაურში ერისთავების სასახლეში ქართული დროშის აღმართვის ცერემონიას დაესწრო.
მან დღევანდელი დღე რიგით მოქალაქეებთან ერთად, ქართველ ჯარისკაცებს მიულოცა: „პირველ რიგში მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც აქ იმყოფებიან და მთელ ქვეყანაში ჩვენს ჯარისკაცებს, ასევე, მათ ვინც, არიან საზღვრებს გარეთ და სამშვიდობო მისიებშიც წარმოადგენენ საქართველოს, საქართველოს დროშის ქვეშ დგანან.“
პრეზიდენტის განცხადებით, დროშა საქართველოს სახელმწიფოს და ერთიანობის სიმბოლოა.
„ჩვენი დროშა ეს არის პირველ რიგში სიმბოლო სახელმწიფოსი, მისი ერთიანობის, ეს არის სიმბოლო ჩვენი ისტორიის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მომავალ თაობებს: „მინდა, ბავშვებს, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა, ეს არის არა რაღაც შავი სიმბოლო, ეს არის თქვენი თავის პატივისცემა, თქვენი ქვეყნისა და იმ ღირებულებების, ფასეულობების პატივისცემა, რითაც მოდის ეს ქვეყანა. პირველ რიგში ეს დროშა ერთიანობის დროშაა. ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ, გავერთიანდეთ ჯერ ჩვენს შორის, საზოგადოებაში. ეს დროშა მოგვეცა, რამდენი საუკუნეა, რომ ამ დროშის ქვეშ ჩვენი გმირები იბრძვიან, ძალიან ბევრი დაიღუპა ამ დროშის ქვეშ, შემდეგ სხვა დროშის ქვეშ, მაგრამ ეს არის რეალურად ერთიანი დროშა ჩვენი ისტორიისა. ჩვენ რომ ვიყოთ ამის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით.“
სალომე ზურაბიშვილმა ყველას სიმშვიდე უსურვა და განაცხადა, რომ სიმშვიდე არის ჩვენი მთავარი ადამიანური საერთო ფასეულობა.