14-01-2020
ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ქართული დროშის აღმართვის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიასთან დეოკუპაციაზე და იმ პროგრამაზე ისაუბრა, რომელსაც აფხაზეთში და სამაჩაბლოში მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს.
„ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული გეგმა დეოკუპაციასთან დაკავშირებით, ეს არის მშვიდობიანი გადაწყვეტილებები და ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთში და სამაჩაბლოში მცხოვრები ადამიანების მიმართ ყველა იმ მიღწევის, იმ შესაძლებლობის გაზიარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ესაა განათლება, სოციალური, ჯანდაცვის პროგრამები, მოგზაურობის შესაძლებლობა, ბიზნესის პროექტები თუ შესაძლებლობები. ეს არის პროგრამა, რომელიც რეალურად იქ მყოფი ადამიანებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ კომპონენტს შეიცავს. ამ პროგრამის ინიცირების შემდეგ, რეალურად, საოკუპაციო რეჟიმის რეაქცია იყო საკმაოდ დესტრუქციული, მათ ჩაკეტეს პუნქტები, მათ გააკეთეს აბსოლუტურად ისეთი რეაქციები, რომელიც ადამიანის ინტერესების წინააღმდეგ არის. წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს მთავრობამ პროგრამის ინიცირება მოახდინა და სულ უფრო მეტად ვხედავთ, რომ ჩვენი სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს რეალურ შესაძლებლობებს, რეალურ დაცვას, სახელმწიფო სერვისებს, განათლებას, ჯანდაცვას და ამ ფონზე რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი იქ მცხოვრებ ადამიანებს არაფერს სთავაზობს, ვერ უზრუნველყოფს ელემენტარულ საჭიროებებს, ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ მილიტარისტულ რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს სთავაზობს წლიდან-წლამდე. ეს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ძალიან კარგად ესმით. მეტად იზრდება უკმაყოფილება, რადგან ხედავენ, რომ ხდება განვითარება, საქართველო დღეს უფრო მეტად არის ინტეგრირებული ევროპის ეკონომიკაში და ყოველდღიურად არაერთი სასიკეთო ცვლილება ხორციელდება “,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.