გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Human Rights Watch: საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა

15-01-2020

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშში ნათქვამია , რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა.

„დაფინანსების არარსებობის გამო, ხელისუფლებამ ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის ამოქმედება, რომელიც 2018 წელს სამართალდამცავი ორგანოების და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსაკვლევად შეიქმნა. ოფისი 1-ელ ნოემბერს ამოქმედდა,“- აღნიშნულია ანგარიშში.

Human Rights Watch-ი ადამიანის უფლებათა ანგარიშში 20 ივნისის მოვლენებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების პროტესტი პარლამენტში რუსეთის დუმის დელეგაციის ვიზიტმა გამოიწვია.

ორგანიზაციის განცხადებით, პროტესტის ზოგიერთმა მონაწილემ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, თუმცა, სხვა მხრივ შეკრებილები დიდწილად არაძალადობრივები იყვნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პოლიციამ თავშეკავება გამოიჩინა, დაახლოებით შუაღამეს მათ წინასწარი გაფრთხილების გარეშე მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და შეკრებილი ადამიანები დააკავეს. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი და 32 ჟურნალისტი. ბევრ მშვიდობიან მოქალაქეს რეზინის ტყვიებისგან მიყენებული დაზიანებები აღენიშნება თავზე, ფეხებსა და ზურზე. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ სამ პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტებისა და დაკავებული მომიტინგის შეურაცხყოფისთვის ბრალი წაუყენა, სამივე მათგანი გირაოთი გამოუშვეს.

ორგანიზაცია სახალხო დამცველის აპარატის საქმეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დევნა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაზე, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურას გადაუგზავნა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ყოველწლიური, 30-ე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930