15-01-2020
საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ქვეშში ახლად გარემონტებული საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლის საზეიმო გახსნას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, მხარის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა ესწრებოდნენ. სტუმრებმა სკოლის შენობა დაათვალიერეს და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის ახალგარემონტებული სკოლის შენობაში გაგრძელება მიულოცეს.
სკოლის ორას მოსწავლეს ორი წლის განმავლობაში მეზობელი სოფლების, გარეჯვრისა და ზემო არცევის საჯარო სკოლაში უხდებოდათ სწავლა.
პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა სკოლის სამსართულიანი შენობა, განახლდა ინტერიერი (კედლები, ფანჯრები, კარები და იატაკი), შეკეთდა კიბეები და სახურავი, განხორციელდა გარე ფასადის საიზოლაციო სამუშაოები, გარემონტდა საპირფარეშოები, დამონტაჟდა წყლისა და საკანალიზაციო სისტემები, გათბობის ახალი სისტემა და ელექტრო გაყვანილობა. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სკოლის პერიმეტრი და შეკეთდა სანიაღვრე სისტემა.
ქვეშის საჯარო სკოლის სრულად გასარემონტებლად ფინანსური დახმარება გამოიყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული, კატასტროფისა და სამოქალაქო დახმარების (OHDACA) ფონდიდან აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია, როგორც სასწავლო, ისე სანიტარიული-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება სკოლის 200-მდე მოსწავლისთვის. სარემონტო სამუშაოები განახორციელა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა.