15-01-2020
რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ამის შესახებ პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მინისტრთა კაბინეტის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
ქვეყნის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმართვის შემდეგ გააკეთა.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, დიმიტრი მედვედევი მთავრობის მოქმედი შემადგენლობის გადადგომას სწორად მიიჩნევს. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
„აღნიშნული ცვლილებები არსებითად შეცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციის მუხლების მთელ რიგს, არამედ მთლიანად აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების ბალანსს. ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მისცეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს საშუალება, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, სწორად მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით გადადგეს“, – განაცხადა მედვედევმა.