გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
წელს სომხეთში 700-ზე მეტი დასახელების საქონელი გაძვირდება, მათ შორის – პროდუქტები და წამლები

15-01-2020

სომხეთში 700-ზე მეტი დასახელების იმ ქვეყნებიდან შემოსულ საქონელზე, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (რუსეთის ლიდერობით) წევრები არ არიან, საბაჟო გადასახადებმა მოიმატა. ეს კავშირის წევრობის პირობას წარმოადგენს.


სომხეთის ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ კურსების ცვლის გავლენა ინფლაციაზე ნახევარ პროცენტს შეადგენს. ანუ, მთლიანობაში გადასახადების ცვლილებას ფასების ძალიან დიდი ნახტომი არ მოჰყვება და მაცხოვრებლებს არ დააზარალებს.


მაგრამ, ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ფასების ზრდა გარდაუვალია, საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენად დრამატული იქნება ეს ყველაფერი.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი რუსეთის ეგიდით მოქმედებს და მოიცავს სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს და ყირგიზეთს. ორგანიზაცია თავისი წევრებისთვის მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს 2015 წელს შეუერთდა და ავტომატურად გახდა ამ ორგანიზაციის საბაჟო კავშირის წევრი. იმავე წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ყველა ქვეყანაში საბაჟო გადასახადების გათანაბრება გადაწყდა, რათა ერთიანი ბაზარი ჩამოყალიბებულიყო და უპირატესობა პარტნიორი-ქვეყნების საქონელს მინიჭებოდა. სომხეთს თავისი ეკონომიკის ცვლილებებისთვის მისადაგებისა და მისი ნეგატიური გავლენის შესარბილებლად ხუთი წლის ვადა მიეცა. და აი, ვადა ამოიწურა.


რომელი საქონელი გაძვირდება


ამ სიაშია შინაური ფრინველისა და მსხვილფეხა საქონლის ხორცი, ბრინჯი, ზეთი, კარაქი, რძის პროდუქტები.


ფრინველის ხორცი სომხეთში ძირითადად აშშ-დან, ბრაზილიიდან და უკრაინიდან შემოდის. 2020 წლამდე კურსი 22 პროცენტს შეადგენდა. ცვლილებების შემდეგ ის სამი პროცენტით გაიზარდა.


მსხვილფეხა საქონლის ხორცი სომხეთში უმეტესად არა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან, არამედ ინდოეთიდან, უკრაინიდან და ბრაზილიიდან შემოდის. შემოტანის საბაჟო გადასახადი 12,5 პროცენტიდან 15 პროცენტამდე გაიზარდა.


სამი პროცენტით მოიმატა ბრინჯის იმპორტის საბაჟო გადასახადმა, ზეთის კარაქისა და რძის პროდუქტების გადასახადმა კი – ორი პროცენტით.
გაძვირდება წამლებიც, მათი შემოტანის გადასახადი ორი-ოთხი პროცენტით გაიზარდა. ყველაზე მეტად კი მესამე ქვეყნებიდან შემოსული ავტომობილები გაძვირდება. მათი განბაჟების თანხა რამდენჯერმე გაიზარდა.


ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გაძვირების თავიდან აცილება ვერ მოხერხდება. და ფასების ზრდის პირველ ტალღას 2020 წლის იანვრის ბოლოსთვის მოელიან.
თანაც, როგორც ეკონომისტი ვააგან ხაჩატრიანი განმარტავს, საბაჟო გადასახადების გაძვირება არამხოლოდ იმ საქონლის ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც სიაშია ჩამოთვლილი. ამოქმედდება მულტიპლიკაციური ეფექტი. ანუ რიგი საქონლის გაძვირებას სხვა საქონლის ფასის ზრდაც მოჰყვება:
„ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს შეეხებათ და ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში საბაჟო გადასახადები 2,7-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სომხეთში. ასევე აღვნიშნავ, რომ კავშირში შესვლამდე სომხეთი ღია კარის პოლიტიკას აწარმოებდა, როდესაც საბაჟო გადასახადები ხუთ-ათ პროცენტს არ აჭარბებდა“.


ექსპერტის აზრით, მესამე ქვეყნების საქონელზე საბაჟო გადასახადების ცვლილებას ისიც მოჰყვება, რომ სომხეთის მაცხოვრებლებს ნაკლები არჩევანი ექნებათ:
„ჩვენ ბევრ ისეთ საქონელს ვერ შევიძენთ, რასაც მიჩვეულები ვართ. მაგალითად, ბიზნესი, რომელიც საყოფაცხოვრებო ან სოფლის მეურნეობის ტექნიკის იმპორტს ეწევა, მიხვდება, რომ კონკურენციას ვერ უძლებს. ჩვენ არა კორეულ, არამედ რუსულ ტელევიზორებს შევიძენთ“, – ამბობს ეკონომისტი ვააგან ხაჩატრიანი.





jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930