20-01-2020
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზებულ ვერსიას არ დათანხმდება, მაშინ არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება, რაც შერეულ პრინციპს გულისხმობს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული ვერსია გულისხმობს 100/50-ზე მანდატების გადანაწილებას, სადაც პროპორციული მანდატების რაოდენობა იზრდება, მაჟორიტარულის კი მცირდება.
„შემდეგ რაუნდზე ჩვენ ამ შეთავაზების კონკრეტულ განხილვას ველოდებით. თუ არ დათანხმდება ამ შემოთავაზებას და ვერ შევთანხმდებით, მოხდება ის, რომ არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემის ფარგლებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სავარაუდოდ თვის ბოლოს გაიმართება.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 2020 წლის და მომდევნო წლების საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება შესთავაზა, სადაც მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდება.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა და უმრავლესობის 15-მდე დეპუტატმა უმრავლესობა და პრატია დატოვა.