20-01-2020
„ცალკეული კონგრესმენების, კონგრესმენთა ჯგუფის ერთობლივი განცხადება, ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გარკვეული პოლიტიკური სპექტრის ნაწილისათვის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების, მთლიანად კონგრესის გადაწყვეტილებები, ორპარტიულად მიღებული რეზოლუციები, რომელიც საქართველოს მხარდამჭერია. ბოლოს მიღებული რეზოლუციით მათ მოუწოდეს, რომ საქართველოსთან სასწრაფოდ გაფორმებულიყო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აღიარებს საქართველოში თავისუფალ ბიზნესს, სხვანაირად ასეთი მოწოდების გაჟღერება შეუძლებელი იქნებოდა. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურების გაცხადებები და არა ცალკეული კონგრესმენებისა თუ პარლამენტის წევრების განცხადებები, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ტვ პირველის „დღის ამბებში“.
მისი თქმით, სახელმძღვანელო უნდა იყოს საქართველოს ინტერესები - ეკონომიკური, პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და ა.შ. მიმართულებით.
„ამის უზრუნველყოფაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის შეერთებული შტატების პოზიცია ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვყავს სერიოზული მტერი, რომელიც იტაცებს ჩვენს ტერიტორიებს, იტაცებს ხალხს და სამწუხაროდ, მას კიდევ ემსახურება რბილი ძალა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში გარკვეული ოპოზიციური ძალის სახით“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლები არამედ, ევროკავშირის პარლამენტის გარკვეული წევრებიც კი ზოგჯერ აკეთებენ გაურკვეველ განცხადებებს, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი სრულად ინფორმირებულები არ არიან, თუ რა ხდება გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით.
„ფრონტერას საკითხი არის ძალიან სერიოზული. როდესაც, 2015 წელს ფრონტერას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოში არის იმდენი რაოდენობის გაზი, რომელიც აჭარბებს უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ლიბიის, ჩინეთის რესურსებს მაშინ მან საქართველოს სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენა. რესურსების გადანაწილების გამო მიდის გარკვეული ომები და ბრძოლები რეგიონალური მასშტაბით. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, ამიტომ ყველა უნდა დაფიქრდეს მითუმეტეს, პოლიტიკოსი, არ აქვს მნიშვნელობა ეს ამერიკაში იქნება თუ ევროპაში. როდესაც განცხადებებს აკეთებ, მხოლოდ საკუთარი კორპორაციის ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა აკეთებდე ამ განცხადებას“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს საარბიტრაჟო სასამართლოში. „„ფრონტერა“ საქართველოს ბიუჯეტიდან ითხოვს სამ ნახევარ მილიარდ დოლარს.
„ეს წარმოუდგენელია, რადგან ფრონტერას წარმომადგენლობამ თავისი საქმიანობით და ხელშეკრულების დარღვევით ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს. ეს თანხა მართლაც რომ დაეკისროს საქართველოს ბიუჯეტს, ეს იქნება კატასტროფა. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო - ოპოზიცია იქნება ეს თუ ექსპერტი, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოვიდეს და არა თავისი პოლიტიკური ორგანიზაციის მერკანტილური, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.