21-01-2020
მკვლევარები ადასტურებენ, რომ სექსუალური პარტნიორი შეიძლება ქალისთვის ძლიერი ალერგიის წაყროდ იქცეს და სიცოცხლისთვის სახიფათო სიმპტომები გამოიწვიოს.
აშშ-ში 40 ათასი ქალი ინტიმური ურთიერთობების დროს ალერგიით ავადდება, ასეთია ამერიკელი მკვლევარების მონაცემები. როგორც ირკვევა, ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ფიზიოლოგიურ სითხეებში შემავალი ნივთიერებებია. ამ დროს სიამოვნების ნაცვლად პარტნიორები იღებენ ჭინჭრის ციებას, შეშუპებას, თავბრუხვევას, სუნთქვის მხრივ პრობლემებსა და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას — ანაფილაქსიურ შოკს.
სქესობრივი შეუთავსებლობა
გასულ წელს, მინიმუმ ორი ადამიანი სექსის შემდეგ განვითარებული ალერგიული რეაქციით კინაღამ გარდაიცვალა. მარტში 32 წლის ესპანელი ქალი, ფიზიკური სიახლოვის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის უჩიოდა სუნთქვთ უკმარისობას, შეშუპებას, არტერიული წნევის მკვეთრ ვარდნას. ექიმებმა მისი მდგომარეობის დასტაბილურება კლინიკაში მოხვედრიდან მხოლოდ 6 საათის შემდეგ მოახერხეს.
ნოემბერში კი ანალოგიური სიმპტომებით 46 წლის ამერიკელმა ქალმა მიმართა კლინიკას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ქალს აღენიშნებოდა პირღებინება და დიარეა იმდენად ძლიერად, რომ ექიმებმა ეჭვი სეფსისზე მიიტანეს. თუმცა, ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ მიზეზი ანაფილაქსიური შოკი იყო (ალერგენით გამოწვეული).
ექიმებმა დაასკვნეს, რომ ეს ესოდენ მძლავრი ალერგიული რეაქცია ქმართან სექსმა გამოიწვია.
ორივე შემთხვევაში ალერგიის მიზეზი ბიოლოგიურ სითხეებში შემავალი ანტიბიოტიკები იყო. გაირკვა, რომ პირველი პაციენტის პარტნიორს სექსის წინ ამოქსიცილინი ჰქონდა მიღებული (ყურის ინფექციის გამო), მეორის მეუღლე კი პენიცილინით მკურნალობდა.
სექსის საწინააღმდეგო პროდუქტები
10 წლის წინ პარტნიორზე ალერგიული შემთხვევები აღწერეს ბრიტანელმა მეცნიერებმაც. სექსის შემდეგ 20 წლის გოგონას კანი მთლიანად დაიფარა გამონაყარით. „დამნაშავე“ ბრაზილიური კაკალი აღმოჩნდა, რომელიც პარტნიორ მამაკაცს შეყვარებულთან შეხვედრამდე ჰქონდა ნაჭამი. ეს ფაქტი ექსპერიმენტულად დადასტურდა.
მსგავს შემთხვევას გადააწყდნენ ინდოელი ალერგოლოგებიც, ოღონდ ჩვეულებრივი კაკლის გამო.
საინტერესოა ამერიკელ ქალთან დაკავშირებული შემთხვევაც, რომელსაც ალერგია მეუღლის ოფლსა და სპერმაზე და ასევე თავისი ორი ვაჟის ოფლზე დაუდგინეს. როგორც ირკვევა, მანამდე ქალს ალერგია ჰქონია მწვანე ბოსტნეულზე. ამიტომ მან მსგავსი პროდუქტები რაციონიდან ამოიღო. მაგრამ მისი მეუღლე ჩვეულებრივად განაგრძობდა მწვანე ბოსტნეულის მიღებას, რის გამოც კვებითი ალერგენები მის სპერმაში მოხვდა და სექსის დროს ქალს ძლიერი ალერგიული რეაქცია დაეწყო. ექსპერიმენტის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი გახდა, რადგან ქალი ქმარს დაშორდა.
დაბნეული იმუნიტეტი
ზოგჯერ ალერგიული რეაქციის წყარო ნამდვილად არის სექსუალური პარტნიორი, უფრო სწორად, ცილები, რომლებიც მის სპერმაში შედის. მეცნიერებს ჯერჯერობით არ აქვთ გარკვეული ზუსტად რომელი ცილები შეიძლება იყოს ეს, თუმცა ერთ-ერთ მთავარ „დამნაშავედ“ პროსტატულ სპეციფიკურ ანტიგენს მიიჩნევენ, რომელიც 70%-ით ემთხვევა ძაღლების ეპითელიუმსა და შარდში შემავალ პროსტატულ კალიკრეინს. სწორედ ამიტომ მას ცხოველებზე ალერგია შეუძლია გამოიწვიოს.
2012 წელს ავსტრიელმა მეცნიერებმა აღწერეს 25 წლის ქალთან დაკავშირებული შემთხვევა, რომელსაც ინტიმური ურთიერთობის შემდეგ თვალები ეცრემლებოდა, უჩნდებოდა გამონაყარი და ეწყებოდა სუნთქვის პრობლემები. ტესტებმა ძაღლის ქერტლზე ალერგია დაადასტურა. ვარაუდობენ, რომ სტრუქტურების მსგავსების გამო, პაციენტის იმუნურ სისტემას ადამიანის პროსტატული სპეციფიური ანტიგენი ცხოველურ ცილაში აერია და სწორედ ამიტომ გამოიწვია სექსმა ორგანიზმის ესოდენ „მშფოთვარე“ რეაქციები.
ამერიკელმა მკვლევარებმა 165 ქალს ჩაუტარეს ტესტირება, რომლებსაც ალერგია ჰქონდათ სათესლე სითხეზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაავადება მკვეთრად არის გამოხატული იმ პაციენტებში, რომელთაც ძაღლის ბეწვზე ალერგია აქვთ. მეცნიერების აზრით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა — ეს სექსისგან თავშეკავება ან კონდომის გამოყენებაა.