გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარიამ და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

22-01-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სლოვენიელ კოლეგას, მარიან შარეცს შეხვდა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. მთავრობის მეთაურმა სლოვენიის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ისაუბრეს, რომელიც 2020 წლის ივნისში ბრიუსელში გაიმართება.

საუბარი შეეხო იმ გეგმებს, რომლებიც შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაისახოს. მხარეების შეფასებით, 10 წლის შემდგომ აღმოსავლეთ პარტნიორობაში გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია, თუმცა არსებობს ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს და როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ევროკავშირს უნდა ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე. მხარეების შეფასებით, არსებული ეკონომიკური ურთიერთობები იძლევა საშუალებას, მეტად განვითარდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930