გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარლამენტარი: ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ რომელი საარჩევნო სისტემა შეესაბამება მას ყველაზე კარგად, თუკი ეს დემოკრატიის ჩარჩოებს არ სცილდება

23-01-2020

ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერეშმა ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაჯამა. კახა კუჭავას და ირაკლია ბერაიასთან შეხვედრას კრისტიან ტერეშმა Facebook-ზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა.

დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილესთან, კახა კუჭავასთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან. შეხვედრისას ჩვენ განვაგრძეთ იმ თემების განხილვა, რომლების შესახებაც ვისაუბრეთ 2019 წლის დეკემბერში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას.

მე მათ მადლობა გადავუხადე იმ გულთბილი დახვედრისთვის, რომელიც ევროპული პარლამენტის ყველა წევრმა, მათ შორის მეც, დეკემბერში თბილისში ვიზიტისას მივიღეთ. საქართველო ბრწყინვალე ქვეყანაა შესანიშნავი, ძლიერი ხალხით და მათი სტუმართმოყვარეობა ნებისმიერ სტუმარს აღაფრთოვანებს.

პირველი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ იყო 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება. მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ქართველების მიმართ განხორციელებული შევიწროებისა და მუქარის შესახებ, რაც ძლიერ შეშფოთებას იწვევს. მე განვუცხადე დელეგაციას, რომ სრულად ვუჭერ მხარს ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას.

მეორე საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ შეეხებოდა ეკონომიკას და ზრდის შესაძლებლობებს. საქართველოს, თავისი შესანიშნავი პროდუქციით, მაგალითად ვაზით, და უმაღლესი ხარისხის მომსახურებებით, მაგალითად ტურიზმით, ბიზნესის ძლიერი პოტენციალი გააჩნია. ქართული პროდუქტების და მომსახურებების გაძლიერებული წარმოდგენა ევროკავშირის ბაზარზე ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება.

დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩვენს მიერ განხილული მესამე საკითხი -- საქართველოში ამჟამად არსებული შიდა ვითარება, განსაკუთრებით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 2020 წლის 21 იანვარს გაკეთებული უსამართლო კომენტარის ფონზე.

ქართველები მრავალი წელია მხარს უჭერენ ევროპისა და ნატოსკენ მიმავალ გზას თავიანთი ქვეყნისთვის. დემოკრატიული გზის მიმართ ამგვარი ერთგულება საქართველოს დღემდე ძვირად უჯდება, რუსეთის ფედერაციის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის სახით.

გასული წლების განმავლობაში საქართველომ ღრმა დემოკრატიული რეფორმები გამოიარა. შედეგად, ქვეყნამ და მისმა მთავრობამ დასავლური გზის და ღირებულებების (განსაკუთრებით კი კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების და თავისუფლებების პატივისცემის) ერთგულება აჩვენა.

გარდა ამისა, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის დემოკრატიული მსოფლიო ოჯახის ერთგული და პასუხისმგებელი წევრი, ისევე როგორც ნატოს და ევროკავშირის საიმედო პარტნიორი.

საქართველოში მიმდინარე ნებისმიერმა შიდა პოლიტიკურმა დებატებმა (რაც ნორმალურია ნებისმიერ დემოკრატიაში) არ უნდა დაჩრდილოს საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში, შეუპოვრობით და გამბედაობით მიღწეული რეფორმები და უწყვეტი პროგრესი.

საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და უსამართლობაა, როცა დიადი ქართველი ხალხი ხედავს, რომ მათი ქვეყანა ევროპის სახალხო პარტიის და სხვა პოლიტიკური ჯგუფების ბრძოლის ველად გადაიქცა.

ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ რომელი საარჩევნო სისტემა შეესაბამება მას ყველაზე კარგად, თუკი ეს დემოკრატიის ჩარჩოებს არ სცილდება. უცხოელი დამკვირვებლების როლი კი მდგომარეობს იმის დადასტურებაში, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია. ამავდროულად, მათ პატივი უნდა სცენ ხალხის მიერ თავიანთი წარმომადგენლების არჩევის უფლებას.

საქართველოს სიძლიერე მისი ხალხის ერთიანობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ქართველს, რომ პირველ ადგილას დააყენონ თავიანთი ქვეყანა და მათი გაყოფის საშუალება არ მისცენ პოლიტიკურ დავებს (რაც ნორმალურია ნებისმიერ დემოკრატიაში)“ -წერს ტერიში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930