24-01-2020
ლევან იზორიას დედა, გულიკო კვირკველია, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ მისი ერთ-ერთი შვილის, კიტა იზორიას შესახებ გავრცელებულ სიუჟეტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მიმართ. ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას.
იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთთქმული მიზეზის გამო გამოხატავდა გარკვეულ აგრესიას. მიუხედავად ამისა, ბოროტების შემოქმედებმა დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, პარტიული ტელევიზიის სიუჟეტს მოყვა პოლიტიკური შეფასებები და ერთ ხმაში, მწყობრად აგრძელებენ ტალახის სროლას. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი. თქვენ, ამ კამპანიის შემოქმედებო, არ გაქვთ სამშობლო, არ გყავთ ოჯახები, არ გაქვთ არც სახელი და არც გვარი. თქვენ სახეს ვერ დაკარგავთ, თქვენ სახე არ გაქვთ! თქვენ ხართ ერთი კრებსითი ბოროტება!!!“-წერს გულიკო კვირკველია სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა კადრები, რომელზეც ლევან იზორიას ძმის დაკავებაა ასახული, რომელსაც ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ძმის გავლენების ჩარევის გამო ათავისუფლებენ.