გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირინა აბულაძე: USAID-ის ახალი, 7 მილიონიანი დოლარის მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამა განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება

27-01-2020

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის (P2P) მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. აშშ-ის მხარეს კი წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საქმეთა მიმართულებით ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექსანდერ სოკოლოვსკი.


სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. მათ ასევე ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების საჭიროებებსა და შესაბამის გეგმებზე.


საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, USAID 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს. “Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT)” – პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე, საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ USAID საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მთავრობის მიერ პრიორიტეტად გაცხადებული საგანმანათლებლო კომპლექსური რეფორმების პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე.


პროექტს “Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT)” ორგანიზაცია Research Triangle Institutes (RTI) სხვა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. ამ პროცესში კი USAID აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო განათლების პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფთან.


აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტი „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლებისა და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის – კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას. შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება, რომლის ფარგლებში Fulbright-ის ახალ პროექტს სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორცილებს. შედეგად, 2020 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან.


ვაშინგტონში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისათვის განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი და ის პროგრამები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინა აბულაძემ ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930