27-01-2020
ბოლო დროს სომხეთის ახალგაზრდობამ შრომითი მიგრაციისთვის ახალ მიმართულებას მიაგნო – ჩინეთს. და თან, გასაკვირია არა იმდენად ქვეყნის არჩევა, რამდენადაც ბევრი მიგრანტის სპეციალიზაცია. ისინი ჩინეთში ინგლისური ენის მასწავლებლებად მიემგზავრებიან. ჩინეთში ახლა დაახლოებით 900-მდე სომეხი მასწავლებელია.
ის ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც ჩინეთში მუშაობის გამოცდილება აქვთ, სხვებს ურჩევენ, რომ გამგზავრებას ნუ იჩქარებენ, და წინასწარ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონონ.
სვეტა. წარმატების ისტორია
სვეტა გუკასიანი გიუმრიდან სამი წლის წინათ ჩინეთში ერთ-ერთი პირველი გაემგზავრა. მან ერევანში „ინგლისური ენის მასწავლებლის“ სპეციალობით -ბაკალავრიატი, და სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრატურა დაამთავრა.
2016 წელს მან მიმართა AIESEC -ს (AssociationInternationaledes ÉtudiantsenSciences ÉconomiquesetCommerciales) ეს საერთაშორისო ორგანიზაცია 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა ადამიანებს სომხეთსა და მის ფარგლებს გარეთ განვითარების საშუალებას სთავაზობს. იქ სვეტას ჩინეთში სამუშაოს მოძებნაში დაეხმარნენ.
ჩინეთში მას, როგორც კვალიფიციურ სპეციალისტს, თავიდან 2500 დოლარს უხდიდნენ, ბინის ქირას უფარავდნენ, და ყოველ სამ თვეში ხელფასს უმატებდნენ. ეს შესაძლებელი გახდა, რადგან სვეტამ ჩინეთში დამატებითი გადამზადება გაიარა, ინგლისური ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია და 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ინგლისური ენის სპეციალური მეთოდიკით სწავლების უფლება მიიღო. ის აფრთხილებს ყველას, ვისაც მისი მაგალითის გამეორება სურს:
„ზოგიერთის ინგლისური საშუალო დონისაა, და სომხეთში მათ საშუალო რგოლის მენეჯერებად მუშაობა შეუძლიათ, მაგრამ ისინი ჩინეთში თავიანთი გამოგონილი ინგლისურის მასწავლებლებად მიემგზავრებიან. მათ ხელფასი იზიდავთ – სომხეთში ისინი თვეში 200 დოლარს მიიღებდნენ, ჩინეთში კი 1200-1500-ს იხდიან. ახლა იქ შემოწმებების ჩატარება დაიწყეს, რადგან მიხვდნენ, რომ იქ ყველა სწავლებისთვის შესაფერისი ინგლისურის დონით არ ჩადის“.
ალვარდი. რატომ ეწევა ჩინეთი მასწავლებლების იმპორტს
„მათთვის ეს პრესტიჟის საკითხია, რათა სკოლაში უცხოელი მასწავლებელი იყოს. თუკი ადამიანს აზიატური გარეგნობა არ აქვს, ესე იგი, მან ინგლისური იცის, არ აქვს მნიშვნელობა, ამ ენის მატარებელი ხარ თუ არა. ასე ფიქრობს ჩინელების უმრავლესობა. სკოლები კი მოსწავლეების მისაზიდად სამუშაოდ უცხოელ მასწავლებლებს იწვევენ“, – ჰყვება ალვარდ გრიგორიანი გიუმრიდან.
მან გიუმრიში პედაგოგიური ინსტიტუტი „ინგლისური ენის მთარგმნელის“ სპეციალობით დაამთავრა. და ჩინეთში მაღალი ხელფასისთვის გაემგზავრა.
პირველი გაკვეთილის შემდეგ ალვერდი მიხვდა, თუ რატომ იწვევდნენ მასწავლებლებს უცხოეთიდან:
„ჩინელების ინგლისურს ხუმრობით „ჩინგლიშს“ [Chinese English – JAMnews] უწოდებენ. ისინი ყველა სიტყვას, რომელიც ხმოვანით არ მთავრდება, უმატებენ „ე“-ს მაგვარ ბგერას, მათ შორის ინგლისურშიც. მაგალითად, ჩემს კლასს ვეკითხები: What is this?. მპასუხობენ „ითე იზე ბუკე“. ჩინელი ინგლისურის მასწავლებლები მოსწავლეებს სწორედ ასე ასწავლიან. უცხოელი სპეციალისტები კი მათი გამოთქმის გამოსწორებას ცდილობენ“.
ალვარდი ჩინეთში გამგზავრებას ისევ გეგმავს, და ისევ იმ სკოლაში აპირებს მუშაობას, სადაც ახლა მას უფრო მაღალ ხელფასს ჰპირდებიან.
ასმიკი. ეძებეთ სანდო შუამავალი
ასმიკის თქმით, ის გიუმრიდან გაემგზავრა, საყვარელი სამუშაო დატოვა, რადგან მსოფლიოს ნახვა სურდა:
ასმიკი იმ პრობლემების შესახებ ჰყვება, რასაც ექსპატები ჩინეთში აწყდებიან:
„სომეხი მიგრანტები იაფფასიან მუშახელად მიიჩნევიან. მათი ხელფასი 500-1000 დოლარით ნაკლებია, ვიდრე აშშ-დან, ინგლისიდან ან სამხრეთ აფრიკიდან ჩასულების, სადაც ინგლისურ სახელმწიფო ენას წარმოადგენს“.
ასმიკის მტკიცებით, სანდო შუამავლის პოვნა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
სომხეთის ელჩი ჩინეთში. რატომ ხდება ადამიანების დეპორტირება
ჩინეთში სომხეთის ელჩი სერგეი მანასარიანი ჰყვება:
„ჩინეთში სკოლებში ინგლისურის სწავლება შეუძლიათ მათ, ვისთვისაც ინგლისური ენა მშობლიურია, ან მათ, ვისაც ინგლისური ენის მასწავლებლის საერთაშორისო კვალიფიკაცია აქვს – და ვისაც საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების დადასტურება შეუძლია.
ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც სომხეთიდან მიემგზავრება, არც პირველ და არც მეორე კატეგორიას არ შეესაბამება. ისინი ინგლისურ ენას ფლობენ, მაგრამ ენის ცოდნა და სწავლება სხვადასხვა ცნებებია. და აუცილებელია ბიზნეს-ვიზა, სხვა შემთხვევაში, დამსამებელთან ურთიერთობისას უუფლებო ხარ“, – განმარტავს სერგეი მანასარიანი.
გასულ წელს სომხეთის 15 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, რადგან ისინი ბიზნეს-ვიზების გარეშე მუშაობდნენ. ამის შემდეგ მათ ჩინეთში ჩასვლა 5 წლით ეკრძალებათ.
სტატისტიკა მკვეთრ ზრდას აფიქსირებს
2003 წელს ჩინეთში სომხეთიდან ჩასული 60 შრომითი მიგრანტი ცხოვრობდა.
2013-ში მათმა რიცხვმა 500-ს მიაღწია.
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლისთვის ჩინეთში სომხური პასპორტის მქონე 2500 ადამიანს ითვლიან.