გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლო კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმეს გადასინჯავს

7-03-2018

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიტპატიმარ დავით ტატიშვილის საქმე გადაისინჯება, დაზარალებულ ემზარ ბასილაიას უკანონოდ ჩამორთმეული ორი ავტომანქანა დაუბრუნდება, ხოლო ორი მსჯავრდებულის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილი მორიგი დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დადგენილია: 2007 წლის 07 ნოემბერს, დავით ტატიშვილი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა რუსთაველზე და შემდგომ რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში. ხსენებული აქციიდან 3 დღეში, საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილების და 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობის გამო მისი დასჯის მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს დავით ტატიშვილი და ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.


2008 წლის 10 ივლისს, დავით ტატიშვილის მიმართ გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წელს, მანამ სანამ პოლიტპატიმრის სტატუსს შეიძენდა, მან პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს პოლიტპატიმარ დავით ტატიშვილის უდანაშაულობას. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.


გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის 05 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების - ლაშა წურწუმიას და ალიკო ხარჩილავას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

2005 წლის ნოემბერში ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტმა მითვისების ბრალდებით დააკავა შპს ,,ოდაბადეს“ წარმომადგენლები - ლაშა წურწუმია და ალიკო ხარჩილავა, რომლებმაც თითქოსდა საქართველოს რკინიგზა შეიყვანეს შეცდომაში და მიწოდებული საქონლის ღირებულება ნაცვლად ლარისა მიიღეს დოლარში, რითაც მიაყენეს 34 960 ლარის ზიანი. სინამდვილეში საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა დამალეს დოლარში დაფიქსირებული სატენდერო წინადადება და საგამოძიებო სამსახურს მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია, რაც გახდა საფუძველი ლაშა წურწუმიას და ალიკო ხარჩილავას უკანონო დაპატიმრების.


სამართალდამცავების გადაწყვეტილებით ლაშა წურწუმია და ალიკო ხარჩილავა მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, როცა მათ მიერ განხორციელდა არარსებული ზიანის დაფარვა და ჯარიმის სახით თითოეულმა მათგანმა გადაიხადა 30 000 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და ორივე მსჯავრდებული უდანაშაულოდ ცნო.


ლაშა წურწუმიასთან და ალიკო ხარჩილავასთან ერთად, ამ დროისთვის დეპარტამენტს სულ 54 უკანონოდ გასამართლებული მსჯავრდებულის მიმართ აქვს განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებული, საიდანაც 18 მათგანის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ასევე, აგრძელებს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას.


დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. 2010 წლის აპრილში შსს ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ მოქალაქე გ.ბ., რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.


პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაკავებულის მამას ემზარ ბასილაიას ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვა და შეასყიდინა მთლიანობაში 182 000 ლარის ღირებულების „ტოიოტა ლენდკრუიზერი LC200“ და „ჰიუნდაი IX 55“, რომლებიც ჩუქების გზით სახელმწიფოს გადაეცა. მხოლოდ ამის შემდეგ გ.ბ-სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმებაპირობით სასჯელზე.

მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული ორივე ავტომანქანა.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031