4-02-2020
„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ არც რომელიმე პარტიის წევრია და არც მათი წარმომადგენელი რაიმე მოლაპარაკებებში. ამის შესახებ მან პარლამენტის ვიცესპიკერის მამუკა მდინარაძის საპასუხი პოსტში დაწერა. ქუთელია ამბობს, რომ ამჟამად მუშაობს რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან, მათ შორის „ორიონ სტრატეჯისთან“.
„საზოგადობრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგანაც ვიმყოფები ვაშინგტონში და ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას ვერ ვპასუხობ, აქ გავაკეთებ მოკლე განცხადებას:
ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ორიონ სტრატეჯი“. ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე „ორიონ სტრატეჯი“ გააკეთებს დამატებით განმარტებებს“, - წერს ქუთელია.
პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის დადებულ კონტრაქტზე ინფორმაცია გუშინ გაასაჯაროვა.