8-03-2018
„ქართულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს და ამ საკითხში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს, ძალების მობილიზაციის მიზნით. ამ მავნებელმა გასულ წელს დასავლეთ საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა და თხილისა და სიმინდის მოსავალი გაანადგურა. ოპოზიციის წინადადებით, ფაროსანას წინააღმდეგ, თუ სამოქალაქო ძალები არასაკმარისი აღმოჩნდება, არმიაც უნდა ჩაერთოს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია სიტუაციას პოლიტიზებას ახდენს“, - ნათქვამია რუსული გამოცემის «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:
„პოლიტიზებულია სიტუაცია თუ არა, ერთი რამ მართლაც ფაქტია: შარშან აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოში ყველაფერი გადაჭამა და ქართველი ფერმერები და გლეხები ნოლზე დატოვა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა გამონათქვამი - „ალფრედ ჰიჩკოკსაც კი ვერ უპოვით ისეთ საშინელებას, რომელმაც სამეგრელო ასე დაატერორა... ფაროსანა ყველგანაა: გარეთ და სახლში - ტანსაცმელში, საჭმელში, საწოლში... განადგურებულია მცენარეები, ბოსტნები, ბაღები. ფაროსანას საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი ზარალის მიყენება და სერიოზული კრიზისის, სოციალური კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია. ნუთუ ხელისუფლებას ეს არ ესმის?“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში, რომელშიც ფაროსანას ეტიმოლოგია და საქართველოში მისი გამოჩენის მიზეზებზეცაა საუბარი.
ერთ-ერთი ვერსიით, ფაროსანამ საქართველოში რუსეთიდან შეაღწია: მასმედიის ცნობით, სოჭის ოლიმპიური თამაშების ობიექტების მშენებლობის შედეგად გაჩეხილი ბზის ტევრების აღსადგენად უცხოეთიდან ნერგები შემოიტანეს, რომლებსაც ფაროსანაც შემოჰყვა. მავნებელმა ჯერ აფხაზეთში გადაინაცვლა და მოქმედების არეალი სწრაფად გააფართოვა: შეჭამა მანდარინისა და თხილის ხეები, შემდეგ კი აფხაზეთიდან დასავლეთ საქართველოშიც - სამეგრელოშიც შეაღწია. ფაროსანასთვის საზღვრები და ბარიერები არ არსებობს.
აზიური მავნებლისაგან მიყენებული ზარალი ძალიან სერიოზულია. საქართველო მსოფლიო ბაზარზე თხილის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელ-ექსპორტიორია, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტს გასულ წელს 150 მილიონი ლარი დააკლდა. გარდა ამისა, სახეზეა რეპუტაციული დარტყმაც - ქართულ თხილს უკვე ალმაცერად უყურუბენ, ვაითუ ფაროსანას მიერ იყოს დაზიანებულიო.
ზამთრის თვლემიდან გამოღვიძებულმა ფაროსანამ ისეთი სიცოცხლისუნარიანობა გამოამჟღავნა, რომ შარშან მიყენებული ზიანი ფერმერებს წელს იოლი მოეჩვენებათ. ამის მიუხედავად, საქართველოს სოფლის მეურნებობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, ხოლო ოპოზიციას - ნუ მოახდენენ პრობლემის პოლიტიზებას. „რასაკვირველია, ფაროსანა ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ არც ძალიან მნიშვნელოვანი და არც ერთადერთი“, - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ სასოფლო-სამეურნეო უწყებამ უკვე ჩაატარა ყველა მოსამზადებელი სამუშაოები, გააფართოვა ფიტოსანიტარიული შესაძლებლობები: „ჩვენ მზად ვართ გამოცდისათვის“.
მაგრამ გლეხები ტყუილად არ არიან შეშფოთებულნი: ასეთი დაპირებები ადრეც ისმოდა ხელისუფლებისაგან, მაგრამ მთავრობის ფიცმა-მტკიცმა ფაროსანა ვერ შეაჩერა და მავნებელმაც თავისი შავი საქმის კეთება გააგრძელა. პრობლემა უფრო მძიმდება იმით, რომ აზიური მავნებელი ჩვეულებრივი ქიმიკატების მიმართ მდგრადობას ამჟღავნებს, ხოლო ძლიერი ქიმიკატების გამოყენება საერთაშორისო კონვენციით ჯერ კიდევ გასულ საუკუნეშია აკრძალული. გამოდის, რომ ყველაზე ეფექტიანი ბრძოლა ფაროსანას წინააღმდეგ იმაში გამოიხატება, რომ მავნებელი ხელით შეაგროვო და ცეცხლზე დაწვა. ამიტომაც ალაპარაკდა ოპოზიცია საგანგებო სიტუაციის შემოღებაზე, საყოველთაო მობილიზაციაზე, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში არმიის ჩაბმაზე და ყველაზე რადიკალურზე - რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე მიყენებული ეკოლოგიური კატასტროფის გამო“, - ნათქვამია სტატიაში.