7-02-2020
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩოლოიანმა ლუკა სირაძისთვის დამთრგუნველი გარემო მასზე მუქარით და ძმისთვის პრობლემების შექმნის შანტაჟით შექმნა.
„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მ.ჩ.-ს გენერალური პროკურატურის მიერ წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში.
მ.ჩ.-სთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელმა მ.ჩ.-მ გამოკითხვის მიზნით დაიბარა 15 წლის ლ. ს. და მისი კანონიერი წარმომადგენელი. ნაცვლად იმისა, რომ მ.ჩ.-ს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა. აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, გამომძიებელმა მ.ჩ.-მ არასრულწლოვნის გამოკითხვა განაგრძო ამავე განყოფილებაში მოწმის სახით დაბარებულ პირებთან (მათ შორის არასრულწლოვნებთან) მისი დაპირისპირების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.