გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ევროკავშირის ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მთავარი პარტნიორი რეგიონში, წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს

7-02-2020

„მოგეხსენებათ, დღეს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური სამუშაო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო ევროკავშირისთვის წარმოადგენს მთავარ პარტნიორს რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების ურყევი სურვილი და ნებაა, გაატაროს ყველა რეფორმა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს იმ რეფორმების ეფექტურობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს,“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის პრესსპიკერის თქმით, დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად იქნა მიღწეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც იყო პროგნოზირებულზე უფრო მეტი და ქვეყნის წინსვლა დემოკრატიის განვითარების, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების და, პრაქტიკულად, ყველა სხვა სფეროში არის ხელშესახები, ეს ყველაფერი კი გამყარებულია საერთაშორისო რეიტინგების მაჩვენებლებით, მათ შორის: ბიზნესის კეთების სიმარტივის, მედია თავისუფლებისა და სხვა მიმართულებებით.


„ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დადებითად აფასებს იმ უფრო გაღრმავებულ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი რეგიონში, წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს და ჩვენ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს მივყვებით, აქტიურად ვმუშაობთ მათ იმპლემენტაციაზე. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს ევროკავშირში გაერთიანებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.


მისივე განცხადებით, პროგრესის მიუხედავად, ბუნებრივია, დოკუმენტში არის გარკვეული მითითებები, რომელიც ეხება ცალკეულ საკითხებს, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხედვა, გაამახვილოს ყურადღება, დაგეგმოს კონკრეტული რეფორმები და შესაბამისად, მიაღწიოს სასურველ შედეგებს.


„ჩვენ ამ საკითხებთან მიმართებაში გვექნება ძალიან მჭიდრო კონსულტაცია ჩვენს პარტნიორებთან და, რა თქმა უნდა, გეგმებსაც ერთად განვახორციელებთ. აგრეთვე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სულ რამდენიმე დღეში სტრასბურგში გაიმართება ასოცირების შეთანხმების მიმდინარეობის განხილვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია. ჩვენ ამ განხილვებთან დაკავშირებით გვაქვს პოზიტიური მოლოდინი და შესაბამისად, ამასაც ექნება მნიშვნელოვანი როლი ევროინტეგრაციის გზაზე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.


აგრეთვე, ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სამიტის მნიშვნელობაზე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება.


„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველო ემზადება ევროკავშირის სამიტისათვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე იმსჯელებს და ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მკაფიო ხედვა და გეგმები, როგორც ჩვენს ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოებთან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად, თუ როგორ განვაგრძოთ ინტეგრაციის გზა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930