გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. გადასასვლელების დაკეტვის საკითხი განიხილა

10-02-2020

2020 წლის 10 თებერვალს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან რუდოლფ მიხალკასთან.


შეხვედრაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგინა ეუთო-ს ალბანეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები 2020 წლის მანძილზე. თავის მხრივ ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, აქტიურად ითანამშრომლოს თავმჯდომარეობასთან პრიორიტეტების განხორციელების კუთხით. ამასთან, მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუდოლფ მიხალკას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო ძალის ქმედებებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას, მის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და ეუთო-ს როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის საკითხს, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა აღნიშნულის მიუღებლობა და საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.


„ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ძალიან მკაცრი შეფასება, თანათავმჯდომარეებს მოვთხოვეთ მიიღონ ზომები იმისთვის, რომ გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები, რაც ქართული მოსახლეობისთვის იზღუდება, დაუყოვნებლივ იქნას აღდგენილი“-განაცხადა მინისტრმა. მისი ინფორმაციის ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე და ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე.

„აუცილებელია, რომ თანათავმჯდომარეების და ყველა ძირითადი აქტორის მხრიდან, ვინც ჩართულია ამ პროცესში დაუყოვნებლივ იყოს მიღებული ზომები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის წინადადებებზე“ - დასძინა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930