გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სათათბირო საბჭოს ანგარიში წარუდგინეს

11-02-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე თავიანთი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაწეული სამუშაოს, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრეს და დამსწრეთ ანგარიში წარუდგინეს ა(ა)იპ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ და "საქართველოს გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, თეიმურაზ ლორიამ.

თენგიზ შუბლაძემ დამსწრე საზოგადოებას, წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ფორმირების ძირითადი მიმართულებები და ამ პროცესში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა როლი და ადგილი“. ფართოდ იქნა განხილული ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყანა სამოქალაქო თავდაცვის კუთხით დგას და რომლებზე რეაგირება, ჩვენი რეალობიდან და უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, ხელისუფლებასთან ერთად, დროულად უნდა მოხდეს. ამ საკითხის გადაჭრაში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, მათი გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

" ჩვენი ორგანიზაცია, ძირითადად, ორიენტირებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე და არის ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციაა, რომელიც 1956 წელს შეიქმნა. გავაკეთეთ ანალიზი იმ ღონისძიებების, რომლებიც ჩატარდა და ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის რაზმები, რომლებიც, ძირითადად, დაკომპლექტებული უნდა იყოს ვეტერანებით. ეს საშუალებას მისცემთ მათ, გაუჩნდეთ გარკვეული ანაზღაურების წყარო და დასაქმდნენ კიდეც ამ მიმართულებით"- განაცხადა გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ.

"უღრმესი მადლობა მინდა, ვუთხრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, ვლადიმერ იმნაძეს, რომელმა, პრაქტიკულად, "მოდაში შემოიღო" თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთონ პრეზენტაციები თუ სად დგანან და რას აკეთებენ ვეტერანებისათვის."- აღნიშნა "საქართველოს გენერალთა კლუბის" აღმასრულებელმა დირექტორმა, თეიმურაზ ლორიამ. შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, უწყების მრჩეველთა საბჭოს წევრები, სამსახურთან არსებული სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930