17-02-2020
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი თავმჯდომარე და წევრები ჰყავს. გამგეობის წევრებმა თავმჯდომარედ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, მის მოადგილედ გამგეობის ახლადარჩეული წევრი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი აირჩიეს.
შესაბამისი გადაწყვეტილებები 2020 წლის პირველ სხდომაზე მიიღეს.
ინვესტორთა საბჭოში დანიშვნამდე, გიორგი ჩერქეზიშვილი კომპანია Invest Wings&Freeman Capital-ის მთავარ საინვესტიციო ოფიცრად მუშაობდა. 2017 წლის მარტიდან კი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე, სხვადასხვა თანამდებობებზე საპარტნიორო ფონდში, „საქართველოს ბანკსა“ და საქართველოს კონტროლის პალატაში მუშაობდა.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობას კიდევ ერთი წევრი, „ჰუალინგ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი კოტე სულამანიძე შეემატა. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე სულამანიძე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. მას აქვს საბანკო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, იყო „პროგრეს ბანკის“ გენერალური დირექტორი.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის პირველი საერთშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში, რომლის მეშვეობითაც ბიზნესებს შეუძლიათ კომერციული დავების გადაწყვეტა. ცენტრი 2013 წელს დაფუძვნდა. მის საბჭოში საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტების წარმომადგენლები და პრაქტიკოსები შედიან.
დღეის მდგომარეობით, გამგეობის წევრები არიან გიორგი პერტაია, დავით საგანელიძე, გიორგი ჩერქეზიშვილი, ეფრემ ურუმაშვილი და კოტე სულამანიძე.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივნის ბექა ინჯიას განცხადებით, ახალი წევრები გააძლიერებენ ცენტრის საქმიანობას და ხელს შეუწყობენ ბიზნესის მიერ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გამოყების ზრდას.
სხდომაზე, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმებიც წარადგინა.