გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სურვილია პარლამენტი აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას

18-02-2020

„ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარადგინა.


არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ, წლის განმავლობაში გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და იმ ძირითად საკანონმდებლო პაკეტებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი შეფასებით, ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებას გააუმჯობესებს.


ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონზე გაამახვილა. „საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან ერთად შეიმუშავა და მიიღო კანონი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, რომლითაც ჩვენ მაქსიმალურად ვუპასუხეთ სოციალურ პასუხისმგებლობებს, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კრიტერიუმებს, კერძოდ:


გავზარდეთ ასაკით პენსიონერთა პენსიები და 18 წლამდე სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა სოციალური ბენეფიტები. ეს ცვლილება შეეხო 880 ათას ჩვენს თანამოქალაქეს; სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმები 1 ივლისიდან მიიღებენ გაზრდილ ხელფასებს (8.000 მეტი მოქალაქეს); ჯარისკაცები, მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები და მათთან გათანაბრებული პირები 1 ივლისიდან მიიღებენ გაზრდილ ხელფასს (66.000 მდე თანამოქალაქეს); დევნილთა საცხოვრისით უზრუნველსაყოფად გამოიყო 122 მილიონ ლარზე მეტი; საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან მიიღებენ 150 ლარით გაზრდილ ხელფასს (43.000 მოქალაქე);1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელები მიიღებენ გაზრდილ ხელფასს (32.000 მოქალაქე);საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის გამოიყო 280 მილიონ ლარზე მეტი; სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყო 3.7 მილიარდი ლარზე მეტი - ეს არის ახალი სამუშაო ადგილები; და ეს არის რეალურად, ახალი ძალა ეკონომიკაში. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის 2020 წლის ბიუჯეტში 240 მილიონი ლარია გამოყოფილი; ესეც არის ახალი სამუშაო ადგილები. რეგიონებისთვის 350 მილიონი ლარი, ხოლო თბილისის ბიუჯეტს 90 მილიონი ლარი დაემატა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისივე თქმით, პარლამენტმა განსაკუთრებულ ყურადღება დაუთმო ბავშვის უფლებათა კოდექსზე მუშაობას, რომელიც 1 ივნისიდან შედის ძალაში და ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, განათლებაზე და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ახალ და უფრო ძლიერ სტანდარტს აწესებს. გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ენერგეტიკის სფეროში მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი მხარს უჭერს ძლიერ, დივერსიფიცირებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ენერგეტიკის სექტორს.


პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ცვლილებათა პაკეტზეც, რომელმაც პრევენციული მექანიზმები გააძლიერა და მოძალადის მიმართ პასუხისმგებლობა გაამკაცრა.


„ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველა პოტენციურ მოძალადეს მინდა ვუთხრა - სანამ კანონს დაარღვევთ, კარგად დაფიქრდით შედეგებზე“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ასევე, რეზოლუციის ჩარჩო-კანონი, რომელიც საფინანსო სექტორის სტაბილურობის და ფინანსური რყევების მიმართ მდგრადობას ემსახურება - ის ცვლილებათა პაკეტებია, რომლებზეც პარლამენტმა გასულ წელს იმუშავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930