გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

24-02-2020

"საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.


The Financial Times საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს საფუძველზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სტატიას აქვეყნებს.


გამოცემასთან საუბარში საგარეო უწყების ხელმძღვანელი აქცენტს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური გავლენის შემცირება.“


დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს ესაჭიროება ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორების ყურადღება და ჩართულობა როგორც პოლიტიკური და სამხედრო, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხით.


„ზალკალიანის განცხადება ცხადყოფს, რომ ენერგორესურსებით მდიდარი სავაჭრო მარშრუტისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრი ორი სახელმწიფოს სანაპირო ზოლს მოიცავს, და ევროპას აზიასთან, ასევე ხმელთაშუაზღვისპირეთს ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს, ბრძოლა ძლიერდება“, – წერს გამოცემა.


ამის მაგალითად მოყვანილია 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლობაც აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სპეცსამსახურებს დააკისრეს.


„კიბერთავდასხმის შესახებ გამოხმაურებების გავრცელებამდე, The Financial Times-თან ინტერვიუში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უახლეს სამხედრო ტექნიკას და ამუნიციას აგზავნის“, – წერს გამოცემა.


ზალკალიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და სხვა დასავლელი პარტნიორების ყურადღების ნაკლებობის შემთხვევაში „სიცარიელის შესავსებად“ სხვები ისარგებლებენ.


სტატიაში ასევე საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მხრიდან ადგილზე განლაგებულ თანამედროვე რადარებსა და სარაკეტო სისტემებზე.


სტატიის ავტორები იუწყებიან იმასაც, რომ ერთი კვირის წინ, ზალკალიანმა, თავის უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიას მიმართა დაფინანსების გაზრდის თაობაზე. მინისტრი ევროკავშირს საქართველოსა და ზოგადად, შავი ზღვის რეგიონში, რომლის წარმომადგენლებიც მისი წევრი ქვეყნები - რუმინეთი და ბულგარეთიც არიან, მეტი ინვესტიციის განხორციელებას სთხოვს, მათ შორის, შავ ზღვაზე წყალქვეშა ელექტროგაყვანილობის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის, ასევე, საბორნე მიმოსვლის კუთხით, რაც საქართველოს პორტებს ევროკავშირის სივრცესთან დააკავშირებს.


„ეს შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტის შესამცირებლად,“ - აღნიშნავს დავით ზალკალიანი ინტერვიუში და დასძენს, რომ ეს უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სავაჭრო მარშრუტების განსავითარებლად. "საქართველო იმავდროულად არის ზღვაზე გასასვლელი კარიბჭე ზღვაზე გასასვლელის არმქონე, ცენტრალური აზიის 8 ქვეყნისთვის"- აღნიშნავს მინისტრი.


საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქვეყნის სუვერენიტეტს.“


ზალკალიანი აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი ყურადღებით აკვირდებოდა აშშ-სა და თურქეთს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ დაძაბულობას და თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას. მისი თქმით, თურქეთის ურთიერთობებში აშშ-სთან, თუ რუსეთთან, ყოველთვის არის აღმასვლა და პირიქით, მაგრამ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა არ იცვლება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930