24-02-2020
თურქეთში, ემზადებიან ახალი კანონის მისაღებად, რომელიც მამაკაცებს საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდონ სასჯელი გაუპატიურების ან არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდების შემთხვევაში. თუკი მოძალადე თავის მსხვერპლზე დაქორწინდება – მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება.
ეს კანონპროექტი თურქეთის პარლამენტში უკვე წარადგინეს.
თურქეთის რეაქცია
კანონის მოწინააღმდეგეები, კერძოდ, ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია ამ კანონის განხილვაზე უარის თქმის მოწოდებით გამოვიდა. მათი აზრით, ეს გზას გაუხსნის ძალადობისა და არასრულწლოვნების ექსპლუატაციას სექსუალური მიზნებისთვის.
2016 წელს, თურქეთში მსგავსი კანონი წარადგინეს, რომელიც არასრულწლოვნებთან სექსისთვის სამართლებრივი დევნისგან ათავისუფლებდა ადამიანს იმ შემთხვევაში, თუკი ეს „ძალადობისა და მუქარის გარეშე მოხდა“. კანონპროექტი საზოგადოებამ შეაფასა, როგორც პედოფილიის ლეგალიზაციის მცდელობა და დიდი პროტესტის შემდეგ, მის მიღებაზე უარი განაცხადეს.
მსოფლიოს რეაქცია
გაერომ თურქეთი გააფრთხილა ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ის „გზას გაუხსნის არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულისა და მათი ექსპლუატაციისთვის დაუსჯელობის ტალღას“.
სუად აბუ-დაიემ, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „თანაბარი უფლებები ახლა“ ლიდერმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ქალთა უფლებებს იცავს, ბრიტანულ გაზეთ The Independent-ს განუცხადა:
„სამოქალაქო აქტივისტების ძალისხმევის წყალობით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მსგავსი კანონები გაუქმდა მაროკოში, პალესტინაში, ეგვიპტეში, ლიბანში, იორდანიასა და ტუნისში. თურქეთიც ამ გზით უნდა წავიდეს და არ უნდა შეამციროს ქალების საკანონმდებლო უფლებები“.
ერდოღანის პოზიცია
თუმცა, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი აქტიურად უარყოფს აზრს იმის შესახებ, რომ ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი პოზიციები უნდა ჰქონდეთ საზოგადოებაში.
გენდერული თანასწორობის იდეას ის „ბუნების საწინააღმდეგოდ წასვლას“ უწოდებს.
ერდოღანი ცნობილია მათ შორის ქალებისადმი მოწოდებით, არ იმუშაონ და ამის ნაცვლად, გააჩინონ მინიმუმ სამი შვილი.
„ქალი, რომელიც სამსახურის გამო უარს ამბობს დედობაზე, უარს ამბობს თავის ქალურ ბუნებაზე“.
თურქეთში, ქალების 38-მა პროცენტმა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გადაიტანა
გაეროს მონაცემებით, თურქეთში, ქალების 38 პროცენტი, როგორც მინიმუმ ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყო მამაკაცის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
2017 წელს, ოჯახური ძალადობის შედეგად, თურქეთში 409 ქალი გარდაიცვალა. ეს მკვეთრი ზრდაა სულ რაღაც 5 წლის წინანდელ, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც 237 ქალი დაიღუპა.