1-03-2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა იტალიაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გაზიარება. იტალიის ელჩის ინფორმაციით, იტალიის 6 რეგიონში და 11 მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. შეხვედრისას ელჩმა ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ღონისძიებებს მიმართავს იტალიის მთავრობა ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის, მათ შორის იმ აკრძალვებსა თუ შეზღუდვებზე რაც დაწესებულია მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის მართვის, საჰაერო მიმოსვლის, სადეზინფექციო, დაავადების დიაგნოსტიკის, შიდა მიმოსვლის, სწავლის პროცესის შეჩერება/გადადების, სახელმწიფო უწყებების მართვის კუთხით და ა.შ.
მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს იტალიის მიმართულებით ცალკეული ქვეყნებისა და ავიაკომპანიების მხრიდან მგზავრობისა და ფრენების შეჩერების საკითხზე და აღნიშნულის გათვალისწინებით იტალიის მთავრობის სამოქმედო გეგმაზე.
მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ რეგულაციებზე და ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით.
მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების სიხშირის გათვალისწინებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად აქტიურად განაგრძობს ინფორმაციის გაცვლას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან.