გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ”Turkish Airlines”-ის და “Pegasus Airlines”-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2-03-2020

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გატარებული ქმედებების და მიმდინარე საქმიანობის პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუდმივ რეჟიმში აწარმოებს შეხვედრებს და კონსულტაციებს საქართველოში მოქმედ ავიასაწარმოებთან.

კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებთან, მათ შორის იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის დროებითი შეწყვეტის თაობაზე თურქული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა ”Turkish Airlines”-ისა და “Pegasus Airlines”-ის წარმომადგენლებთან.


სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა ავიაკომპანიებისგან მოისმინეს ინფორმაცია საქართველოდან ტრანზიტულ მგზავრებთან მიმართებაში გატარებული ღონისძიებების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ავიაგადამზიდველი ოპერატიულად ახორციელებს მომხმარებლების ინფორმირებას გაუქმებული ფრენების შესახებ და უზრუნველყოფს მათთვის ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას (Refund). ”Turkish Airlines”-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია მგზავრებს ასევე სთავაზობს ალტერნატიული მარშრუტებით მგზავრობის შესაძლებლობას.


სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე განიხილეს ავიაკომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები ახალ კორონავირუსთან მიმართებაში, ოპერირების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შესაძლებლობები და ავიაკომპანიების მიერ, საჰაერო ხომალდებზე გატარებული პრევენციული და სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა მადლობა გადაუხადა ”Turkish Airlines”-ის და “Pegasus Airlines”-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით სააგენტოს ოპერატიულ და მუდმივ რეჟიმში ინფორმირებისთვის.


„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქეების და მგზავრების უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. ამასთან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აგრძელებს მუშაობას 24 საათიან რეჟიმში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიასთან. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ავიაკომპანიებს და აეროპორტებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის და თანამშრომლობისათვის.


მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა“, - განაცხადა ლევან კარანაძემ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რისკის მატარებელ მგზავრებთან დაკავშირებით, ავიაკომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს და საჭიროების შემთხვევაში, გასცემს ნებართვებს ჰუმანიტარული მიზნებისთვის განკუთვნილი ჩარტერული რეისების განსახორციელებლად.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930