3-03-2020
აზერბაიჯანის სამხრეთში 16 წლის გოგონა დაახრჩვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილია მისი ქმარი – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს აზერბაიჯანში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის პირველი შემთხვევვა არ არის. ამავდროულად საუბარია აზერბაიჯანისთვის ერთდროულად ორ აქტუალურ პრობლემაზე – საყოფაცხოვრებო ძალადობასა და ადრეულ ქორწინებაზე.
ასეთი გახმაურებული საქმეები საზოგადოების, უფლებადამცველებისა და გენდერული აქტივისტების ყურადღების ცენტრში ექცევა, თუმცა სიტუაცია ჯერჯერობით უცვლელია.
ორ კვირას გაგრძელებული ადრეული ქორწინება
მასალის რაიონის სოფელ ხოშჩობანლის მკვიდრი ფატიმა გამბაროვა ცოლად თავის თანასოფლელს – 19 წლის იმან მამედოვს ორი კვირის წინათ გაჰყვა.
მკვლელობის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
აზერბაიჯანის ამ რეგიონში ადრეული ქორწინებები ძალიან გავრცელებულია, რაც ხშირად ხდება გენდერული აქტივისტების, ქალთა უფლებების დამცველთა და ჟურნალისტების მხრიდან კრიტიკისა და უკმაყოფილების მიზეზი.
აზერბაიჯანში ქორწინების ოფიციალური ასაკია 18 წელი. ამ შემთხვევაში, ადრეული ქორწინების უფლება რაიონის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გასცა – წერს Oxu.az.
სოციალური ქსელების რეაქცია: „მძიმე ტვირთი“, ტერორი, სპექტაკლი
მედიასა და სოციალურ ქსელებში ფატიმას მკვლელობასთან დაკავშირებით აღშფოთების ტალღა აგორდა.
ზოგიერთი კომენტარი:
„მასლის რაიონში ბევრი საძაგლობა მინახავს. მშობლებს მხოლოდ ის უნდათ, რომ თავიანთი ქალიშვილების „ტვირთისგან“ განთავისუფლდნენ. მათ პომპეზურობითა და დიდი დღესასწაულების მოწყობით ათხოვებენ და თავად ქალიშვილებს აზრს არც კი კითხულობენ. ეს გოგონები სკოლაშიც კი არ დადიან“;
„ჩვენს ქვეყანაში ქალების წინააღმდეგ ნამდვილი ტერორი მიმდინარეობს“;
„ორივე – ბიჭიც და გოგონაც – ჯერ ბავშვები არიან. ქორწილში სასკოლო სპექტაკლში მონაწილე უფროსკლასელებს ჰგავდნენ. ახლა მშობლებს რომ ჰკითხო, იტყვიან, რომ მასონები მათ მყრალ მენტალიტეტს ანადგურებენ“.
საშიში სტატისტიკა
გასულ წელს აზერბაიჯანში, სულ ცოტა, ათეული საყოფაცხოვრებო მკვლელობა მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ქალი ქმარმა ქუჩაში, შვილების თვალწინ მოკლა.
ეს სტატისტიკა ქალების მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მშვიდობიანი მსვლელობის ჩატარების საბაბად იქცა.
ამ მსვლელობის ორგანიზატორი გენდერული აქტივისტები ქვეყნის ხელისუფლებისგან ქალების მიმართ საყოფაცხოვრებო ძალადობის საწინააღმდეგო ევროსაბჭოს საერთაშორისო შეთანხმების – სტამბოლის კონვენციის მიღებასა და რატიფიცირებას მოითხოვდნენ.
2020 წლის იანვრის შუა რიცხვებში კი ყველა მედია წერდა იმ ქალის შესახებ, რომელიც სახლიდან ბავშვებთან ერთად გაიქცა, რადგან ქმარი მას მრავალი წლის განმავლობაში სასტიკად სცემდა.