გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მე–7, მე–8, მე-9 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები დაემატებათ

13-03-2018

საბაზო საფეხურის (7,8,9 კლასები) მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო საათები ნაცვლად დაანონსებული შემცირებისა –გაიზარდა და ჯამში, თითოეულ სემესტრში 33 საათი გახდა. ამაზე მეტყველებს სამინისტროს მიერ საზოგადოების განსასჯელად გამოქვეყნებული საბაზო საფეხურის საათობრივი ბადის პროექტი როგორც ქართული, ისე არაქართულენოვანი სკოლებისათვის.

„ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავების შესაბამისად, ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლებისთვის საბაზო საფეხურის საათობრივ ბადეში ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ: დაემატა ახალი საგანი, გაჩნდა არჩევითი საგნების ბლოკი, გაძლიერდა სამოქალაქო განათლებისა და მათემატიკის სწავლება, შეიცვალა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სწავლების ფორმატი მეშვიდე კლასში. მოგმართავთ თხოვნით, საათობრივ ბადესთან დაკავშირებით კომენტარები და მოსაზრებები მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 15 მარტის ჩათვლით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

საკითხში დაზუსტებების შეტანის მიზნით, EDU.ARIS.GE-მ სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელს მიმართა. მარიამ ჩიქობავა ადასტურებს, რომ საბაზო საფეხურის წინა საათობრივ ბადესთან შედარებით გაკვეთილები შემცირებული არ არის. მეტიც, მაგალითად მათემატიკის საგანს სამივე კლასში თითო საათი აქვს დამატებული და მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილი კვირაში 4–ის ნაცვლად 5 საათი ჩაუტარდებათ. თუკი აქამდე მე–7, მე–8 და მე–9 კლასებისთვის სათების რაოდენობა განსხვავებული იყო, ახალი პროექტით გათანაბრდა და ყველასათვის საგაკვეთილო საათების რაოდენობა სემესტრში 33–ს შეადგენს.

–განახლებამდე რამდენი იყო ჯამური საათობრივი ბადე?

მარიამ ჩიქობავა: აქამდე, მეშვიდე კლასში კვირაში ჯამურად 28 საათი იყო გამოყოფილი; მერვე კლასში ჯამური საათობრივი ბადე იყო 30–საათნახევარი. მეცხრე კლასში წინაზეც 33 საათი იყო და ახლაც ასეა.

–ანუ არ შემცირებულა როგორც ეს დაანონსებული და დაგეგმილი იყო?

მ.ჩ: შემცირება არ არის. მოიმატა, თუ წინა ბადეს ნახავთ და შეადარებთ, იქ უკვე დამატებულია საგნები. მაგალითად სამოქალაქო განათლება მეშვიდე მერვე კლასებში არ იყო და ახლა დაემატა, ასევე საკომუნიკაციო ტექნოლოგიური საგნები, არჩევითი საგნები. მოიმატა მათემატიკის საათმაც.

–ანუ, რეალურად, სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ არ შეემცირებინა საათობრივი ბადე და უბრალოდ განაახლა?

მ.ჩ: კი, განახლდა და დაემატა ახალი საგნები. უკვე არსებული საგნებიდან საათები დაემატა მათემატიკას.

–აკლდება თუ არა საათები რომელიმე სხვა საგანს?

მ.ჩ: ინგლისურს მე-8 კლასის მეორე სემესტრში აკლდება 1 საათი; ისტორიას – მე-7 კლასში აკლდება 1 საათი, ხოლო მე-8 კლასში I სემესტრში აკლდება 1 საათი, მე-9 კლასშიც – 1 საათი. მოქმედი სასწავლო გეგმით სამოქალაქო განათლება არ ისწავლებოდა მე-7 და მე-8 კლასებში, რევიზიის შედეგად კი ეს საგანი შევიდა მე-7 და მე-8 კლასებში. მასში ინტეგრირდა ასევე საგანი “სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება”, რომელიც ახლა მოქმედი ბადით ისწავლება მე-8 კლასში 1 სემესტრის განმავლობაში.

საბაზო საფეხურზე გაკვეთილების შემცირების ინიციატივა და დაპირება განათლების ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის. მისი აზრით მოსწავლეები ამ კლასებში „ზედმეტად დატვირთულები არიან და მათი განტვირთვა აუცილებელია“. გაკვეთილების შემცირებას ყოფილი მინისტრი 2018-2019 სასწავლო წლისთვის პროგნოზირებდა, თუმცა დღევანდელი მოცემულობა სრულიად საპირისპიროა.

EDU.ARIS.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031