3-03-2020
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობასთან 300-მდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი ძალოვანი ბლოკის მინისტრების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ კერძო საკუთრების განვითარებაში ხელს უშლის.
რუსული მედიის ცნობით, ე.წ მინისტრთა კაბინეტთან შეკრებილების ნაწილი შენობის მესამე სართულზე ავიდა, სადაც გაფიცულთა დელეგაციის და პრეზიდენტ ვალერი ბგანბას შეხვედრა მიმდინარეობს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაფიცულები ვალერი ბგანბას გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა ამ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ მინისტრთა კაბინეტში არ ადასტურებენ.
ამ ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას შტაბში აცხადებენ, რომ ე.წ. მინისტრთა კაბინეტთან მიმდინარე აქციებთან კავშირი არ აქვთ.
2020 წლის 2 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2019 წლის აპრილში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბჟანია ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი ბერლინის საავადმყოფოში მოათავსეს, რის გამოც მან ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო.
2020 წლის 17 თებერვალს დე ფაქტო ცესკომ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად ადგურ არძინბა, ლეონიდ ძიაფშპა და ასლან ბჟანია დაარეგისტრირა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის პოსტი 13 იანვარს დატოვა. ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.