გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტს: მადლობა იმისთვის, რომ მოხსენებაში შეეხეთ ერთ-ერთ ყველაზე მთავარს - დეოკუპაციას და ქვეყნის კურსს, რომელიც საქართველოში არასდროს გადაიხედება

4-03-2020

„საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და თითოეული ჩვენგანის როლი ამაში განსაკუთრებულია, ყველანი ერთად, შეთანხმებულად გავაკეთებთ ქვეყნის საქმეს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პრეზიდენტის მოხსენების დასრულების შემდეგ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოხსენებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დღევანდელი საპარლამენტო პროცედურა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტითაა გათვალისწინებული, საპარლამენტო რესპუბლიკის საბოლოოდ, მყარად ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„არც თუ ისე დიდი ხნის ჩვენ გვქონდა წინ სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტის განუზომელი უფლებამოსილებით. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რათა მიგვეღო საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტს ექნებოდა იმგვარი უფლებამოსილება, რომელიც უზრუნველყოფდა მის მთავარ ფუნქციებს“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, როგორც მესამე თაობის პოლიტიკურ ემიგრანტს, შვილებისთვის ქართული ენის შენარჩუნებისთვის და განაცხადა, რომ ამ ფაქტს პირადად მისთვის, დიდი, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.


სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და პრეზიდენტის მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, მათ შორის, ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგზე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი იქნება და პრეზიდენტის მიერ გამოთქმული იმედი გამართლდება. მამუკა მდინარაძე შეეხო სალომე ზურაბიშვილის მოხსენებაში ხაზგასმულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც.


„საქართველო ერთდროულად არის გმირობის მაგალითების და ასევე, პარადოქსების ქვეყანაც. თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ მთავარი გამოწვევა არის დეოკუპაცია. გეთანხმებით, რომ ქართველი არასდროს შეეგუება, რომ საქართველო არ იყოს ერთიანი, არასდროს შეეგუება, ოკუპანტებს ქმედებებს, რომელსაც ყოველდღე ახორციელებენ და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან ჩვენი მოქალაქეების უფლებები საშინლად ირღვევა. ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ, და საქართველო იქნება ერთიანი და იქნება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის ევროპაში და ასევე გეთანხმებით, რომ ეს უნდა მოხდეს ჩვენი ტრადიციული ღირებულებების, ეროვნული იდენტობის აბსოლუტური შენარჩუნების ფონზე. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არასდროს დაივიწყებს თავის წარსულს, თავის ისტორიას’,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის როლსა და განათლების მნიშვნელობაზე.


„თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელშიც კარგად აქვთ გათვალისწინებული გათვითცნობიერებული ახალგაზრდობის როლი და სწორედ ამიტომ, ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“,- აღნიშნა მან.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პროგრესი უნდა გაგრძელდეს და ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, ქვეყნის საქმე ყველამ ერთად აკეთოს.


„ჩვენ გვაქვს თამამი საფუძველი ვთქვათ, რომ საქართველო ვითარდება, აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. თითოეული ჩვენგანის როლი ამაში განსაკუთრებულია. მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური ტენდენციები მოდის სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან თუ პოლიტიკოსებიდან, რაც ხშირ შემთხვევაში, ტყუილზეა აგებული, ეს ბრძოლაში უფრო კარგად გამოგვაწრთობს და დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესი კიდევ უფრო შესამჩნევი და ხელშესახები იქნება. დიდი მადლობა მოხსენებისთვის, სადაც თქვენ ყველა თემას შეეხეთ და იმისთვის რომ შეეხეთ ერთ-ერთ ყველაზე მთავარს - დეოკუპაციას და ქვეყნის კურსს, რა საკითხიც საქართველოში ჩვენი ამ დამოკიდებულებების გამო არასდროს გადაიხედება“,- მიმართა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930