6-03-2020
მავნე ორგანიზმების გავრცელების რისკი და პრევენცია, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებები, ველური ბუნებისა და გარემოს გამოწვევები განიხილეს ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი დაესწრო.
კონფერენციის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო აზიური ფაროსანას გავრცელება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები. მავნებელთან ბრძოლის მეთოდების, საქართველოში შექმნილი სპეციალური სისტემის და მიღებული შედეგების შესახებ კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია ნიკოლოზ მესხმა მიაწოდა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში დანერგილი სისტემის უნიკალურობა.
„საქართველომ მავნებლის წინააღმდეგ შეიმუშავა და დანერგა მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა. ახლა ვსწავლობთ ქართველებისგან, როგორ შეძლეს ეს. მადლობას ვუხდით ქართველ კოლეგებს, რომ ჩამოვიდნენ და თავისი ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიარეს, რადგან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ავსტრალიის სოფლის მეურნეობის, წყლისა და გარემოს დეპარტამენტის ბიოუსაფრთხოების მთავარმა ოფიცერმა იან ტომპსონმა.
საერთაშორისო კონფერენცია ავსტრალიის სოფლის მეურნეობის, წყლისა და გარემოს დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც 28 ქვეყნის სახელმწიფო უწყების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების 100-მდე მონაწილე და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის სამდივნოს (IPPC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად ავსტრალიელი მცენარეთა დამცველები საქართველოში 2019 წელს იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მათ მოინახულეს საქართველოს რეგიონები, გაეცნენ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას და შეხვდნენ ფერმერებს.