6-03-2020
Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულების ავიამიმოსვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ირკვევა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი 1 თვით აჩერებს.
„COVID-19-ის გავლენის გამო და სამთავრობო საკუთრებაში არსებული ქართული აეროპორტების მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ არაერთი ფრენა იტალიიდან საქართველოში. კერძოდ მილანი-თბილისის მიმართულებით რეისები შესრულდება 7 მარტამდე, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი კვირაში 2 რეისამდე შემცირდება.
ბოლონიიდან ქუთაისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესულდება, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი სრულად შეჩერდება.
ამ ცვლილებებით დაზარალებულ ყველა მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდათ და სრულად აუნაზღაურდებათ გადახდილი საფასური. აგრეთვე ჩვენი გვერდიდან შეეძლებათ ფრენის შეცვლა სხვა მიმართულებით და თარიღების მიხედვით, სრულიად უფასოდ“- წერია კომპანიის ვებგვერდზე.
ავიაკომპანია ფრენები დროებით შეაჩერა ასევე იორდანიის, ისრაელის, მონტენეგროსა და ჩეხეთის მიმართულებით.
5 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.
4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.