24-12-2017
რუსული გამოცემის, "Независимая газета"-ს სარედაქციო სტატია:
2017 წელი მალე დასრულდება. საეჭვოა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოთა ისტორიაში ეს წელი პოზიტიური ეპითეტებით შეფასდეს...
უკრაინა დონბასის კონფლიქტის საფლობიდან ჯერ თავი ვერ დაუღწევია. ამას ემატება კიევის კიდევ ერთი თავის ტკივილი - საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის სახით. უკრაინის ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ამ პიროვნების რეანიმაცია მოახდინა. მიხეილ სააკაშვილის აქტიურობამ „სული ჩაუდგა“ მის მომხრეებს როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოშიც: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამანადგურებელი მარცხი იგემა, სწრაფად დაიბრუნა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი.
საქართველოს შეუძლია იამაყოს გაზაფხულზე ევროკავშირის მიერ მიცემული უვიზო რეჟიმით, თუმცა შემოდგომით ხელისუფლებამ შეტყობინება მიიღო, რომ შენგენის ზონაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა „ზეპროგნოზული“ აღმოჩნდა. მართალია, ბრიუსელი ჯერ-ჯერობით სანქციებს არ მიმართავს, მაგრამ თუ დარჩენილთა ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, მაშინ თბილისი შეიძლება „დაისაჯოს“.
2017 წელს ბრიუსელის კეთილგანაწყობა მეზობელმა სომხეთმაც დაიმსახურა: ერევნის მეორე მცდელობა - ევროკავშირთან შეთანხმება გაეფორმებინა პარტნიორობის თაობაზე - წარმატებით განხორციელდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ პირველი მცდელობა რამდენიმე წლის წინ იყო და მაშინ სომხეთმა ევროკავშირს ევრაზიული კავშირი არჩია. მიმდინარე წელს საკითხმა სიმწვავე დაკარგა და რუსეთის კეთილი ნებით, სომხეთი ბრიუსელის პარტნიორი გახდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერევანი „თავისუფალ ცურვაშია“ გაშვებული: მოსკოვს იმდენი ბერკეტი აქვს, რომ სომხეთს კონტროლიდან გასვლის უფლებას არ მისცემს და ვალდებულების დაცვას თავის დროზე გაახსენებს.
ბელარუსმაც ჩაიწერა აქტივში ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესება. მისმა პრეზიდენტმა ალ.ლუკაშენკომ პირადად მიიღო მიწვევა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობაზე, რაც წინა წლებში არ მომხდარა. თუმცა, მიწვევის მიუხედავად, პრეზიდენტი ბრიუსელში არ წასულა - სხვადასხვა მიზეზების გამო.
მოლდოვას პრეზიდენტი იგორ დოდონი მთელი წლის განმავლობაში მოსკოვისადმი ლოიალობას ამჟღავნებდა. თავის მხრივ, პარლამენტი და მთავრობა დასავლეთის ერთგული იყო. ფაქტიურად, უპირატესობა დასავლეთმა მოიპოვა.
აზერბაიჯანში მოლდოვას საწინააღმდეგო სურათია: დასავლეთმა ბაქოს მიმართ კრიტიკა გაამკაცრა (ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში), ამ გარემოებამ კი აზერბაიჯანს რუსეთთან დაახლოებისაკენ უბიძგა. ბაქოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია აკავშირებს ანკარასთან. ცხადია, რუსეთსა და თურქეთის ურთიერთდაახლოება კეთილ გავლენას ახდენს აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.
თურქმენეთში - კასპიის ზღვის გაღმა - წლის ბოლოს შვებით ამოისუთქეს: ხუთმა კასპიისპირა სახელმწიფომ, მრავალწლიანი მოლაპარაკების შედეგად, შეძლეს ზღვის გაყოფა და შესაბამისად, ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტმა განხორციელების რეალური საფუძველი მიიღო.
უზბეკეთმა, სკეპტიკოსთა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, მართლაც განახორციელა კეთილმეგობრობის ღია პოლიტიკა მეზობლებთან. ერთადერთი ტაჯიკეთთან რჩება „მღვრიე“ ურთიერთობა, რომელიც კვლავ აგრძელებს პამირის მთებში, მდინარე ვახშზე როგუნის ჰესის მშენებლობას. ტაშკენტი მიიჩნევს, რომ ეს ჰესი საფრთხის შემველია სეისმური თვალსაზრისით, ასევე აუარესებს ამუდარიის წყლით უზრუნველყოფას, რასაც უზბეკეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ყირგიზეთმა დემოკრატიულად წინწასული ქვეყნის სტატუსი დაადასტურა, მშვიდად ჩაატარა პრეზიდენტის არჩევნები, მეზობლებთან სასაზღვრო საკითხები მოაგვარა.
ყაზახეთში შიდა რეფორმები მთელი წელი მეტ-ნაკლები წარმატებით გრძელდებოდა. საგარეო არენაზე ნურსულთან ნაზარბაევმა პოლიტიკური მძიმეწონოსანის რეპუტაცია განიმტკიცა - სირიის პრობლემის მრავალრაუნდიან მოლაპარაკებაში მონაწილეობით.
-----
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რაიმე ისეთი მოვლენა, რაც სიტუაციის რადიკალურ შეცვლას გამოიწვევდა, არ მომხდარა. კაცმა რომ თქვას, ძირეული ცვლილების არარსებობა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის მაინცდამაინც ცუდი არ არის - თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს ქვეყნები წინა წლებში ბევრჯერ და დიდი ხნით მოხვედრილან ტურბულენტობის ზონაში.