8-03-2020
აფხაზეთში წარმართული რელიგიური ორგანიზაცია, - "აფხაზეთის ქურუმთა საბჭო" შეიქმნა. აფხაზურ წარმართობის მიმდევრებს რიტუალების ჩასატარებლად 7 დიდი წმინდა ადგილიც აქვთ.
აფხაზურად ამ ადგილს "აბჟნიხა" ეწოდება. ყველა აბჟნიხას თავისი ქურუმი ჰყავს. თითოეულ ამ ადგილს მუდმივად ერთი რომელიმე გვარი პატრონობს და რიტუალებსაც სწორედ ამ გვარის წარმომადგენელი წარმართავს.
მთავარი წარმართული სალოცავი გუდაუთის რაიონის სოფელ აჩანდარას სალოცავი-საკერპე "დიდრიფშია". დიდრიფშის მთაზე ლოცვას ჩიჩბას გვარის წარმომადგენლები ატარებენ და თაყვანს ხეებს სცემენ.
მათ მთავარ ღმერთს "ანცვა" ეწოდება და ის მთელი სამყაროს ღმერთი-შემოქმედია. მას თავის მხრივ, ჰყავს ანგელოზები - "აპაიმბარები". აპაიმბართაგან ყველაზე გავლენიანი სწორედ დიდრიფშია.
ამ დროისთვის, დიდრიფშ-ნიხას გარდა მოქმედია კიდევ ოთხი: ლაშქენ-დარი, ლდზაა-ნიხა, ლიხნი-ნიხა და ილირ ნიხა.
ყველაზე "წმინდა ადგილი" გულრიფშის მთაა, რომელიც რამდენიმე ზონად იყოფა და ზედა ზონაზე ასვლის უფლება ყველას არ აქვს. იქ მარტო მთავარი ქურუმი ადის. სხვა, ვინც ავა, ითვლება, რომ მის ოჯახს დიდი უბედურება დაემართება. ხეებზე კი ჩამოკიდებულია შესაწირავები, რომლებზე ხელით შეხებაც არ შეიძლება.
აფხაზეთში ფიცის დადება დღესაც მიდის. რიტუალები წმინდა ხეებთან მიმდინარეობს.
ზოგადად, აფხაზეთში ხეების კულტი ძალიან გავრცელებულია. ზოგან წმინდა ადგილებად მთელი ტყე მიიჩნევა, ცალკეულ ხეებზე კი შესაწირავი იკიდება. აქვთ სადღესასწაულო დღეები, ზოგიერთ გვარს კი საკუთარი ლოცვაც აქვს. სოფლებში ეს ლოცვები სამჭედლოში, გრდემლთან სრულდება, რადგან გრდემლი წმინდა ადგილად ითვლება.
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"