10-03-2020
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა. გიორგი გოგაძეს საქართველოს პროკურატურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2013 წლიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
EUROJUST-სთან თანამშრომლობის დოკუმენტს ჰააგაში 2019 წლის მარტში მოეწერა ხელი.
საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. ორგანიზაციაში, ასევე, მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (მათ შორის აშშ-ს, ნორვეგიას, შვეიცარიას და ა.შ.).
EUROJUST-სთან თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
EUROJUST სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში.