11-03-2020
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უახლოეს დღეებში გააცნობენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ეს გეგმა გარანტიას იძლევა იმისა, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება“.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იმისთვის რომ, მოსწავლეებმა დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან, მუშაობს ინსტრუქციებზე, რომლებიც სკოლებს, მოქნილ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მისცემს საშუალებას დაგეგმონ სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწელი.
"სასწავლო პროცესის ამგვარი მოდიფიცირება მოგვცემს შესაძლებლობას სწავლა აქამდე დადგენილ ვადებში დასრულდეს"-აცხადებენ უწყებაში.
სამინისტრო ასევე ამზადებს რეკომედაციებს სკოლებისთვის, თუ როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ორი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის სხვადასხვა რესურსისა და კლასგარეშე დავალებების მიწოდებას.
აღნიშნული რეკომენდაციების პაკეტი 16 მარტამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დაეგზავნება.
უწყების ცნობითვე, აღსანიშნავია, რომ არდადეგების პერიოდში სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი შრომის ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ.