11-03-2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს გლობალურ ეპიდემიას ნიშნავს ანუ ეპიდაფეთქებები გვაქვს არა ცალკეულ ქვეყნებში, არამედ ყველა კონტინენტზე და ბევრ ქვეყანაში.
გამყრელიძის თქმითვე, დღეს უკვე 120 ქვეყანაშია ინფექცია გავრცელებული და ამ ქვეყნების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
"სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ეს სიახლე არ იყო და ჩვენ ამას ველოდებოდით, ვინაიდან ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მათ გამოაცხადეს წინაპანდემიური მდგომარეობა და მისცეს ქვეყნებს რეკომენდაცია, რომ პანდემიისთვის მომზადებულიყვნენ. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი სიფხიზლე უნდა იყოს და უფრო მეტი მზადყოფნა"-განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოაქვეყნებს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც პანდემიის შემთხვევაში უნდა მივმართოთ.
"ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი პანდემიური გეგმა და ქვეყანა სწორედ ამ გეგმის მიხედვით იმოქმედებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ამ პრობლემას დავძლევთ"-განაცხადა გამყრელიძემ.