12-03-2020
იტალიის ყველა ქალაქში პოლიციაა მობილიზებული და ოფიციალური საბუთის გარეშე გადაადგილებაც აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ NSP.GE-ს იტალიის ქალაქ პიზაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ მოაწოდა.
მისი თქმით, ქუჩები დაცარიელდა, მოსახლეობა გარეთ აღარ გადის, დაიხურა ყველა დაწესებულება გარდა სასურსათო მაღაზიისა და აფთიაქისა.
„გარეთ გასვლას უსაფრთხოების მიზნით დამსაქმებელიც გვიზღუდავს. აქამდეც ვერიდებოდით გარეთ გასვლას, თუმცა ახლა ფქვილი ვიყიდე, რომ პური სახლში გამოვაცხო და მაღაზიაში გასვლაც აღარ დამჭირდეს. ვცდილობთ, ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ“, - აცხადებს ქართველი ემიგრანტი.
ოფიციალური საბუთი, რომელიც ყველა მოქალაქეს ქალაქიდან ქალაქში გადასვლისას შევსებული უნდა ჰქონდეს და პოლიციას უნდა წარუდგინოს, ასახავს მოქალაქის მარშრუტს, გადაადგილების მიზანს და ვადებს. თუ მოქალაქეს საეჭვო სიმპტომები აქვს პოლიცია შესაბამის ზომებს იღებს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავს.